სტივენ მილერი: დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით – მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა და სურთ, ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, თან ამბობენ, ტერიტორია 100%-ით დანიას ეკუთვნის, ეს უსამართლო გარიგებაა

“გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გრენლანდია 25 პროცენტით აღემატება ალასკას. მისი ფართობი შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის მეოთხედს შეადგენს. რაც შეეხება დანიას – დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით,” – ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში და მრჩეველმა შიდა უსაფრთხოების საკითხებში სტივენ მილერმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ [დანიას] არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. ტერიტორიული კონტროლის შესახებ 500 წლის განმავლობაში არსებული ყველა კანონის თანახმად, ტერიტორიის გასაკონტროლებლად, აუცილებელია მისი დაცვა, განვითარება და დასახლება.
დანია არცერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ახლა კი, მათ სურთ, რომ ჩვენ ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, რომელიც ალასკაზე 25%-ით დიდია და ეს ყველაფერი 100%-ით ამერიკის ხარჯებით მოხდეს.

ამავე დროს, ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია 100%-ით დანიას ეკუთვნის. ეს უსამართლო გარიგებაა. და რაც მთავარია, ეს უსამართლოა ამერიკელი გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით, რომლებიც თაობების განმავლობაში აფინანსებდნენ ევროპის თავდაცვის სისტემას. ამერიკული ფული, ამერიკული სიმდიდრე, რესურსები, ამერიკული სისხლი, ამერიკული გამჭრიახობა არის ის, რაც უზრუნველყოფს ევროპისა და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. დონალდ ტრამპი კი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ პატივი გვცენ“- განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები