კობა კობალაძემ და ვეტერანებმა უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, წალენჯიხაში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში დაღუპული ვალერი ბაძაღუას ოჯახს მიუსამძიმრეს და ქართველი მეომარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

კობა კობალაძესთან ერთად, ვალერი ბაძაღუას ხსოვნას პატივი მიაგეს მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავად იბრძოდნენ უკრაინაში, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ და ვეტერანებმა.

დედით უკრაინელი და მამით ქართველი, 23 წლის უკრაინის მოქალაქე, ვალერი ბაძაღუა, წარმოშობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალიდან იყო. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ 25 ივლისს გავრცელდა. 26 ივლისს იგი თბილისში ჩამოასვენეს, შემდეგ კი წალენჯიხაში გადაასვენეს. ვალერი ბაძაღუა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი, საქართველოდან უკრაინაში, 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები