გივი დავითაშვილი: 2025 წლის პირველი ნახევარი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მნიშვნელოვანი რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო

,,2025 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მნიშვნელოვანი რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო”, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, გივი დავითაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი გაზრდილია 14%-ით, ანალოგიური ზრდაა ტვირთბრუნვის მიხედვითაც.

„2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 3 მლნ 600 ათასზე მეტ მგზავრს, რაც 14 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. შესრულდა 17 ათასამდე ავიარეისი, რაც ასევე 14%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გაქვს ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით. კერძოდ, საქართველოს აეროპორტების მიერ 16 ათას 550 ტონამდე ტვირთი გადაიზიდა, რაც 50%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს“, – აცხადებს გივი დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 358 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 11% შეადგინა. პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450 330 მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 3 874. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (16 731) 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.

მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.

გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები. კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. სულ, იანვარ-ივნისში 139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);

Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);

Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);

Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);

Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები