გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
“ყურადღება გამახვილდა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებასა და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის ზრდის ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო ექსპერტიზის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და სახელმწიფო სტრუქტურებსა და აკადემიურ-სამეცნიერო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარება.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სისტემის სტრატეგიულ განვითარებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ქოქრაშვილი,”- ნათქვამია ინფორმაციაში.