ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყანაში 150-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 6 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანაში – 18 გამოფენა/ფესტივალზე და 137 დეგუსტაცია-სემინარზე. ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ქვეყნებია: იაპონია, აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ფინეთი, სომხეთი, პოლონეთი და ბელგია.
უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში გაიმართა 8 ღვინო ტური, რომლის ფარგლებშიც ქართულ ღვინოებს ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას,
ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას.
მიმდინარე წელს, საქართველოში გაიმართა 15 გამოფენა/ფესტივალი და 4 დეგუსტაცია/კონკურსი.
ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად 692,969 ლარი
ქართულ ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ მიიღო.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17.4 მილიონი ლარით განისაზღვრა და 1.4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.