იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი – წიფელი, მურყანი, ასევე წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული; შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.

„იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის იანვარ-ივნისის თვეში სამართალდარღვევის 28 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო, 2024 წლის ამავე პერიოდში გამოვლენილი იყო 86 ფაქტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა, რაც პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების – დრონებისა და ვიდეო ხაფანგების გამოყენების, კონტროლის შედეგია“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები