“პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს, ვკითხო პოლონელ დეპუტატს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობისას განაცხადა.
მან მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს შესახებ გაკეთებული შესწორებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
“ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინასთან ერთად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, ინიციატივის ავტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს.
მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.