თეა წულუკიანი გახარიას: მილიონი კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო – ამაზე თავიდან მიპასუხეთ, ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო, ორი წუთის წინ გადათქვით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტოლებინაო

მილიონი კვადრატული მეტრი, დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ [ჩორჩანაში] საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო – არის თუ არა ასე? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება.

წულუკიანის განმარტებით,  გახარიამ ჯერ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისედაც არ კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ, ხოლო ორი წუთის წინ ეს განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ კონტროლდებოდა, თუმცა, მზადდებოდა ისე, რომ ვეღარ გაკონტროლებულიყო.

„თქვენ ამაზე თავიდან მიპასუხეთ რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო და წამიკითხეთ სამი დოკუმენტის სათაური, ამით დასტურდებაო და შემდეგ, მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი-მეთქი, მერე გადათქვით, ორი წუთის წინ და იძახით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო. რა იყო რეალობა, კონტროლდებოდა ეს ტერიტორია ჩვენ მიერ თუ არ კონტროლდებოდა?“ – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

გახარიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა“.

„ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ  უცხო, მოწინააღმდეგე მხარე, ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის შეკითხვის პასუხად, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები