ვიქტორ ყიფიანი: დასავლეთთან დაახლოება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა არასოდეს არ უნდა იყოს მსხვერპლად შეწირული რუსეთის შიშის გამო

,,ოპოზიციური სპექტრი მზად არ აღმოჩნდა ეფექტიანი წინააღმდეგობისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ არათუ რეპრესიული მექანიზმის გატეხა, მისი შეჩერებაც ვერ მოხერხდა”,- ამის შესახებ
პოლიტიკის ანალიტიკოსი ვიქტორ ყიფიანი, ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, აუცილებელია ახალი მექანიზმების მოფიქრება.

,,ძველი მეთოდებით, მიდგომებით და ხელწერით გაგრძელება, ფაქტია, შედეგს ვერ მოიტანს. ხელისუფლებამ იმუნიტეტი გამოიმუშავა არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, არამედ ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების მიმართაც. ამდენად, რამდენიც არ უნდა გამოვხატოთ აღტაცება წინააღმდეგობის მოძრაობით, დღეს დრო უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე ოპოზიციისა და ოპოზიციური ელექტორატის. სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალი მექანიზმების მოფიქრება.
არჩევნები, ჩემი აზრით, შეიძლება გახდეს ერთგვარი ახალი მუხტი და ახალი დღის წესრიგის შექმნის წინა პირობა. თუმცა აუცილებელია ოპოზიციამ დააკმაყოფილოს მინიმუმ სამი პირობა, ვინაიდან არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობას ან პოლიტიკური ველის ნაწილს მაინც გადახედავს. პირველი აუცილებელი პირობაა პროტესტზე ორიენტირებული ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება. მეორე აუცილებელი პირობაა საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი სიებით გასვლა, ხოლო მესამე – თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატების ერთიანი მხარდაჭერა. ესეც არ არის გამარჯვების მყარი გარანტია, მაგრამ მოგვცემს მაინც კონკრეტულ ხელჩასაჭიდ მექანიზმს. იმავდროულად, ეს სცენარი გააძლიერებს ოპოზიციურ ნარატივს როგორც ამომრჩეველში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.
მთავარია ერთიანი კანდიდატების სიაზე შეთანხმება. თუმცა ბოლო ხანს გაჩნდა ასეთი იდეაც – ხომ არ იქნება უფრო ეფექტიანი, თუ აქცენტი სამოქალაქო წრიდან გამოსულ პირზე გაკეთდება. ესეც, ერთი შესაძლო ვარიანტია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ კონკრეტულ სუბიექტებზე საუბრის ნაცვლად, ოპოზიციამ იმ სამ მთავარ პირობაზე მოახერხოს შეთანხმება. ამ შემთხვევაში არც ხელისუფლების თანადგომა დასჭირდებათ და ვერც ხელის შემშლელი ბარიერები შეექმნებათ. თუ ოპოზიცია იმ სამ პირობაზე მოახერხებს შეთანხმებას, შემდეგ უკვე შეიძლება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება – ერთიანად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ან თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, ერთიანად ბოიკოტი გამოვუცხადოთ არჩევნებს.

გარე ზეწოლასა და შიდა აქტივობას შორის ბალანსი საჭიროა, მაგრამ თუ საზოგადოება პასიურია, უმოქმედო ან არასაკმარისად აქტიური, მაშინ ვერავითარი გარე მხარდაჭერა ვერ იქნება საკმარისი, რომ სასწაული მოხდეს. გარდა ამისა, ჩემში უფრო და უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთმა, კერძოდ, ევროკავშირმა, თავისი შესაძლებლობების ზღვარს უკვე მიაღწია ან ძალიან ახლოს არის მასთან. რაც შეეხება აშშ-ს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკაში სრულიად განსხვავებული კურსი აქვს აღებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძირითადი სამუშაო ჩვენია – ეს არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე.

ჩვენი რეგიონი ყოველთვის აქტუალური იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდანვე, მაგრამ აქტუალურობა დღითი დღე მატულობს და დღეს უკვე თვალსაჩინოდ იგრძნობა. ამის მიუხედავად, ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ერთი – ჩვენ თავად უნდა მოვახერხოთ ამ აქტუალურობის სწორად წარმოჩენა და მეორე – დასავლელ პარტნიორებს ეს აქტუალურობა მკაფიოდ და თვალნათლივ უნდა დავანახოთ. დღევანდელ მსოფლიოს, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფუძნება ღირებულებებს და მეტად — ინტერესთა თანხვედრას, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რა არის ის ქართული და რეგიონული ინტერესები, რომლებიც ერგება ევროპულ და ამერიკულ ინტერესებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს არა ჰყავს ისეთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, რომელიც ამ ყველაფერს სათანადო კვალიფიკაციით, დროისა და შინაარსის ჩადებით გააკეთებდა. ამის ნაცვლად, ხელისუფლება სრულიად საპირისპირო გზავნილებს ავრცელებს. მაგალითად, პრემიერ კობახიძის ბოლოდროინდელი საპარლამენტო გამოსვლა ერთგვარი ნიადაგის მომზადება იყო იმისა, რომ დავივიწყოთ ჩვენი ამბიციები და დავკმაყოფილდეთ მინიმალური მიზნებით. პრობლემა ის არის, როგორც კი პატარა, კომპაქტური ერი რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იწყებს ნაკლები ამბიციებით დაკმაყოფილებას, იწყება მისი სახელმწიფოებრივი დეგრადაცია. ამიტომ მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიისა და რესურსების სიმწირისა, აუცილებელია ზოგჯერ “თავს ზემოთაც კი ავხტეთ”. დასავლელ პარტნიორებს უნდა დავანახოთ, რომ “ქუჩა ორმხრივია” – ჩვენ მათთვის ისევე შეგვიძლია სარგებლის მოტანა, როგორც მათ ჩვენთვის.

“ქართულ ოცნებაში” აქვთ საკუთარი წარმოდგენა “წითელ ხაზებზე” ქართულ-რუსულ ურთიერთობაში და მაქსიმალურად ცდილობენ ეს ზღვარი არ გადაკვეთონ. რუსეთთან„„”წითელი ხაზები” ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კიდეც, ამას განსაზღვრავს როგორც გეოგრაფია, ასევე რუსეთის კონფლიქტური ბუნება, მაგრამ უნდა გავარჩიოთ “წითელი ხაზები”, რომლებიც რაციონალურ და პრაგმატულ რეალობაზეა დაფუძნებული, რომლებიც ხელოვნურად არის შეთითხნილი და მხოლოდ მორჩილების ნიშანია. დასავლეთთან დაახლოება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა არასოდეს არ უნდა იყოს მსხვერპლად შეწირული რუსეთის შიშის გამო. ამიტომ რეზიუმედ ვიტყოდი – “წითელი ხაზების” არსებობა ნორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი შინაარსი, ხარისხი და დღეს რასაც “ოცნება” გვთავაზობს, ჩემი შეფასებით, ჩვენს უსაფრთხოებას, განვითარებასა და პოლიტიკურ კულტურას აზიანებს. ეს არ შეესაბამება არც დღევანდელ გამოწვევებს და მით უფრო, მომავლის მოთხოვნებს”,- განაცხადა ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები