ფრანგული მედია: ბორდოში საკრუიზო გემზე 1700-ზე მეტი ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბორდოს პორტში საკრუიზო გემ Ambition-ზე 1700-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი კარანტინში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც გემზე კუჭ-ნაწლავის ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე გარდაიცვალა 90 წლის მგზავრი, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, უკავშირდება თუ არა მისი გარდაცვალება ნოროვირუსს.

მედიის ცნობით, დაახლოებით 50 ადამიანს აღენიშნება ნოროვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში.

ინფიცირებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება გემზევე გაუწიეს.

შემთხვევას ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოები იკვლევენ.

სანიტარული სამსახურების რეკომენდაციით, გემზე გამკაცრდა ეპიდემიოლოგიური კონტროლი, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მგზავრებს კაიუტებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

მედიის ინფორმაციით, გემი ბრიტანული საკრუიზო კომპანიის კუთვნილებაა და ბორდოში რამდენიმე დღით შეჩერდა.

ნოროვირუსი კუჭ-ნაწლავის გადამდები ინფექციაა, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას, გულისრევასა და მუცლის ტკივილს. ვირუსი სწრაფად ვრცელდება დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით საკრუიზო გემებზე. უმეტეს შემთხვევაში ინფექცია რამდენიმე დღეში გადის, თუმცა ხანდაზმულებისთვის შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები