ირაკლი მელაშვილი: ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ არჩევნებზე უარი ვთქვათ
,,მე ვხვდები ოპოზიციის ლიდერებს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთია, რასაც ეს ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ და მეორე, რასაც საჯაროდ ამბობენ. ძალიან ბევრი ხვდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ამ ფონზე, რომელიც არის შექმნილი და შეიძლება ხელისუფლებაც უწყობდეს ხელს სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ რადიკალური განწყობების გაღვივებას, ამას ხმამაღლა ვეღარ ამბობენ”,
– ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მელაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ლოგიკას ვერ ხედავს.
“ჩემი აზრით, რეალურად დღეს “ოცნებას” რისიც ეშინია, არის თბილისში კონსოლიდირებული ოპოზიციის გასვლა მერობის მოსაგებად. ერთადერთი, რაც მას ადარდებს, სწორედ ეს არის. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ იმისათვის, რომ ოპოზიციამ თავად თქვას უარი არჩევნებზე და შექმნას ისეთი მორალური კლიმატი, რომლითაც დაკავებულთა მშობლები, პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები, მიადგებიან ოპოზიციას და ეტყვიან, არაფრით არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაო. თუ მაინც ვინმე გადაწყვეტს მონაწილეობას, ეს იყოს ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ადვილად დააბულინგებს და დააბრალებს, რომ მათ უღალატეს საპროტესტო მოძრაობას. “ოცნება” შეუწყობს ხელს, რომ საზოგადოებაში ეს აზრი განმტკიცდეს და ამით უზრუნველყოს ამ არჩევნებშიც გამარჯვება. ახლა ამოცანა აქვთ, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მაგრად მოიგონ და ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა და არ დასჭირდეთ არც გაყალბება, არც არანაირი სირთულის გადალახვა, რათა მთელ მსოფლიოს დაანახონ, ჩემგან რა გინდათ, აი, გაუყალბებელი არჩევნები ჩავატარე და თუ უნდოდათ, მიეღოთ მონაწილეობაო.
ყოველი შემთხვევისთვის, ისინი ეცდებიან ამით დამატებითი ქულები მოიპოვონ საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე არა მგონია, ეს მაინცდამაინც კარგად გამოუვიდეთ, მაგრამ აშკარაა, ეს არის ხელისუფლებისთვის უკეთესი სცენარი, ვიდრე ის, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით წავიდეს არჩევნებზე. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატებით ამ არჩევნების მოგების სერიოზული შანსი აქვს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ეს ბულინგი და წნეხი ოპოზიციაზე უკვე ძალიან დიდია. მე ვხვდები ოპოზიციის ლიდერებს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთია, რასაც ეს ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ და მეორე, რასაც საჯაროდ ამბობენ. ძალიან ბევრი ხვდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ამ ფონზე, რომელიც არის შექმნილი და შეიძლება ხელისუფლებაც უწყობდეს ხელს სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ რადიკალური განწყობების გაღვივებას, ამას ხმამაღლა ვეღარ ამბობენ. თუმცა მეორე საკითხია, რომ ემოციებიც გასაგებია და ისიც, რომ შეუპოვარი ბრძოლა და გამარჯვება გინდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებისთვის პოლიტპატიმრებს ციხიდან როგორ გამოიყვანს და არსებულ სიტუაციას როგორ შეცვლის.
ბრძოლას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი მიზანი – რა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ამ ხელისუფლებას. თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის უნარი და სურვილი, რომ დასხდნენ, კარგად გათვალონ, რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი ოპოზიციისთვის, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, თბილისის წართმევა ხელისუფლებისთვის თუ ბოიკოტზე წასვლა. ჩემი აზრით, საღ აზრზე მყოფი ადამიანი აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის წართმევა ყველა ვარიანტში უკეთესია. ამის მერე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ ამას როგორ უნდა მივაღწიოთ. ხელისუფლების შესაცვლელად სულ სამი გზა არსებობს – არჩევნები, რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება, სხვა გზა კაცობრიობას არ მოუგონია. არჩევნებზე თუ უარს ვამბობთ, რჩება რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება. სამხედრო გადატრიალება არ არის პარტიების და საზოგადოების გზა, გამოდის, მხოლოდ რევოლუციური გზა რჩება. რევოლუცია რომ მოახდინო, ამისთვის გჭირდება ბელადი, ლიდერი, ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც ექნება ძალიან დიდი ავტორიტეტი და ხალხი თვალდახუჭული გაჰყვება. რაც მთავარია, გჭირდება რევოლუციურად განწყობილი მასა, რომელიც ამ იდეით იქნება აღტყინებული. ვინმემ მითხრას, ამ მოცემულობებიდან ერთი მაინც არსებობს?
მე ვერ ვხედავ, მაგრამ ეტყობა, სხვები ხედავენ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გვითხრან? ან ციური მანანას იმედი აქვთ, რომ ამ ყველაფერს ღმერთი გადმოგვიყრის. ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ არჩევნებზე უარი ვთქვათ. არგუმენტად მხოლოდ ის აქვთ, რომ გააყალბებენ. რა თქმა უნდა, გააყალბებენ და ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ გაყალბების გარეშე მოიგონ და “ოცნებას” ნამუსი მოვწმინდოთ? თუ მივდივართ არჩევნებზე და “ოცნება” გააყალბებს, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება ისევ “ოცნების” საწინააღმდეგოდ. შევძლებთ თუ ვერა ამის გამოყენებას, ეს ერთი თემაა, მაგრამ პინაზე “ოცნების” დანაშაულების კიდევ ერთი გირი დაიდება. ახლა ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს გირი არ დაიდოს და “ოცნებამ” გაუყალბებლად მოიგოს? კი ბატონო, თუ ეს არის მიზანი, მე არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი იმ ადამიანების მაგივრად, ვინც ამას ქადაგებს.
დასავლეთი რუსეთი არ არის, აქ ჯარს არ შემოიყვანს და ომს არ დაიწყებს. დასავლეთს იმდენი პრობლემა აქვს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის პრობლემა მეასე კი არა, მეათასე ხარისხოვანია მისთვის. საქართველოზე განცხადებებს ევროპარლამენტის მხოლოდ 3-4 დეპუტატი თუ აკეთებს. იცით, რამდენი დეპუტატია ევროპარლამენტში? 720, და 1%-ც კი არ არის იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად რეაგირებენ საქართველოს საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხებზე ვკიდივართ, მაგრამ დასავლეთის დღის წესრიგში დღეს არ არის საქართველო. გარდა ამისა, ევროპარლამენტი ერთია და აღმასრულებელი სექტორი საქართველოს საკითხით დაკავდებაო, ძალიან არარეალისტური გათვლაა. თუ ვინმე ოპოზიციაში ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ვფიქრობ, არათუ კონსენსუსი, არამედ ის 15 ხმაც კი არ არსებობს, რაც შეჩერებისთვის არის საჭირო. ეს შეჩერება მოიტანს იმას, რომ ამით მოხდება საქართველოს კიდევ უფრო მეტი იზოლირება დასავლეთისგან და ქართული სახელმწიფო უფრო ჩაკეტილ სისტემაში აღმოჩნდება, სადაც ავტორიტარიზმის შენარჩუნება უფრო ადვილია. რაც მთავარია, ის საზოგადოება, რომელსაც “ოცნება” ამდენი ხანია ჩასძახის, დასავლეთი სუვერენიტეტს გვართმევსო, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ვის დააბრალებს? ცხადია, ისევ ევროკავშირს და ამას რა შედეგებიც მოჰყვება, ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ ტუსკის ინიციატივა, არა მგონია, ჭკვიანური იყოს. რამდენად ესმის მას საქართველოს პრობლემების ბუნება, ეჭვი მეპარება. ამიტომ მე არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში, შემოდგომამდე უვიზო რეჟიმის შეჩერებას ან გაუქმებას. ვფიქრობ, სერიოზულ გადაწყვეტილებებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღებენ. სხვათა შორის, ევროპელებმა მკაფიოდ თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ერთია, რომ ევროპა ბოიკოტისკენ არასოდეს მოუწოდებს, მეორე მხრივ კი ევროპისთვისაც დასაფიქრებელია, თუ რას წარმოადგენს ქართული ოპოზიცია.
ევროპა ძალიან კარგად ხვდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როდესაც ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა პროტესტში არიან ჩართული, არც ერთ არჩევით ორგანოში არ იქნებიან წარმოდგენილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ რამდენად ლეგიტიმურია ეს ხალხი, რამდენად გამოხატავენ ქართველი საზოგადოების ინტერესებს. ამიტომ უნდათ ოპოზიციას რაღაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს, თავისუფლად შეძლოს ხმის მიწვდენა და ა.შ. ოპოზიცია ამას არ აკეთებს, უარს ამბობს და ვნახოთ, შედეგი რა იქნება. დღეს იმის იმედზე ვართ, დაუშვებს თუ არა ხელისუფლება მორიგ დიდ შეცდომას, რაც არავინ იცის. ოპოზიციას რა სჭირს ვერ გეტყვით, მეც სულ ამას ვკითხულობ. შესაძლოა სხვადასხვა ინტერესია, შესაძლოა სხვადასხვანაირად ვხედავთ რეალობას, ან არ სწამთ გამარჯვების და კიდევ ერთხელ წაგება არ უნდათ. ვიმეორებ – ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ხალხი, ვინც გარეთ ძალიან აგრესიულად ლაპარაკობს იმაზე, რომ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ძალიან ბევრი პირად საუბრებში მეუბნება, რომ მონაწილეობა აუცილებელია. არ ვიცი, რა სჭირთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. ასე რომ, ყველა დამოკიდებული ვართ იმაზე, კიდევ რამე დიდ სისულელეს გააკეთებს თუ არა “ოცნება”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.