რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა
დიდ ლილოში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობების, კაპიტალური საძირკვლებისა და მავთულბადის ღობის დემონტაჟი განახორციელა.
„სამგორის რაიონში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ – აღვკვეთეთ სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების უკანონოდ დაკავების ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.