აღმოსავლეთის სარდლობის ათეულის დონის შეჯიბრებით წვრთნა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების, აღმოსავლეთის სარდლობის შეჯიბრებით სწავლება, საუკეთესო ქვეითი ათეულის გამოვლენაში, სამი დღის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების 8 ათეულმა, 72 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკური დავალება შეასრულა, რაც მოიცავდა რთულ რელიეფზე ტაქტიკურ გადაადგილებას, საპატრულო ბაზის დაკავებასა და ოპერაციის განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებას.

დასკვნით ეტაპზე ქვეითი ათეულები მოწინააღმდეგის პოზიციის აღმოჩენაში, იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენეს. რვა ათეულს შორის გამარჯვება მოიპოვა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 ბატალიონის ათეულმა. ქვედანაყოფის სამხედროები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სერტიფიკატებით, კოინებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეჯიბრებით სწავლება ათეულის დონის ქვედანაყოფებისთვის ტაქტიკური დავალებების შესრულებისას უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას ისახავდა მიზნად. შეჯიბრებით სწავლება ინსტრუქტორ-მაკონტროლებლების დაკვირვებით მიმდინარეობდა და დადებითად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები