არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი: „ვაღრმავებთ ურთიერთობებს და სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას საქართველოსთან”

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისის მშრალი, ინტერმოდალური პორტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე. ეს დინამიკური, მასშტაბური, ლოგისტიკური ობიექტი არამარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს გამტარუნარიანობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს და სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას საქართველოსთან და ეს არის ჩვენი ხედვების, ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლისა და სტაბილურობის გარანტიად” – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობის, ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თავის გამოსვლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამომავლო გეგმებს, რომლებიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის 1.5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

„თბილისის მშრალი, ინტერმოდალური პორტი არის იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმების კომბინაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის გაორმაგებას 480 მილიონი დოლარიდან 1.5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებულ ტარიფებზე იქნება დაფუძნებული, საქონლის 95 პროცენტი იქნება გატარებული ამ პორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან” – აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

თბილისის მშრალი პორტი მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბია, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან „აბუ დაბი პორტს გრუპი”, ნორვეგიული „ვილჰელმსენ პორტ სერვის”„ და ადგილობრივი „ინვეკო”. პორტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც უკვე 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები