ირაკლი ზარქუა – მარტა კოსს გადაეცით, რომ როგორც კი იქნება შემოთავაზება მოლაპარაკებების გახსნაზე, იმავე დღეს დავეთანხმებით
„მარტა კოსს გადაეცით, რომ ნაბიჯებს მათგან ველოდებით. როგორც კი შემოთავაზება იქნება, რომ მოლაპარაკებებს გახსნიან, იმავე დღეს დავეთანხმებით,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.
„მარტა კოსს გადაეცით, კანდიდატის სტატუსის შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე განცხადება რომ გავაკეთეთ, ვთქვით, რომ ამას მუქარისა და შანტაჟის ინსტრუმენტად არ ვაქცევდით. ასევე, მარტა კოსს გადაეცით, რომ ნაბიჯებს მათგან ველოდებით. როგორც კი შემოთავაზება იქნება, რომ მოლაპარაკებებს გახსნიან, იმავე დღეს დავეთანხმებით. მარტა კოსმა მოგვცეს მაგალითი, როცა მის ქვეყანაში ახალგაზრდა რადიკალები პოლიციელებს ცოცხლად დაწვავენ, მათ ცენტრალურ შენობებს შეუტევენ და ჟურნალისტი სახეში გაარტყამს პოლიციელს, თქვას, ასეთებს გარეთ გამოუშვებთო. მის შემდეგ, უკვე ჩვენც ვიმსჯელებთ ამ თემაზე. მარტა კოსს გადაეცით, აქ შტერი არავინ არ არის. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ინტერესებს და ბოლომდე დავიცავთ, როგორც აქამდე დავიცავით – ეს სიყვარულით თბილისიდან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უნდა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება გადადგამს საიმედო ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად“. ამასთან, მარტა კოსმა აღნიშნა: „საქართველო არის შეხსენება, რომ ევროკავშირის გზაზე შეიძლება მოხდეს უკუსვლა. როდესაც ვიწყებთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე წინსვლა ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი“.