სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ
„ქალაქ ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრში „აგროსახლი” გამართულ შეხვედრაზე დამსწრეებმა მეფუტკრეობაში არსებულ გამოწვევებზე და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანმა და სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ღვინჯილიამ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და კვლევის მეთოდებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს.
„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ფერმერებისთვის ლაბორატორიაში არსებული კვლევების გაცნობა. ჩვენი ლაბორატორიის გამართული ქსელი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისათვის საჭირო საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების დროულად მიწოდებას”, – განაცხადა ანა გულბანმა.
ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, მეფუტკრე ფერმერებთან ერთად, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.