თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45-ე სალოტბარო სკოლა იხსნება
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45-ე სალოტბარო სკოლა იხსნება,”- ამის შესახებ ინფორმაციას, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაფანყურში, ერთი საუკუნის წინ, ჩამოსახლებული ფშავლები და ხევსურები, ცხოვრობენ. მნიშვნელოვანია , დღემდე შემონახული მათი ტრადიციების მომავალი თაობებისთვის გაზიარება. ამ მიზნით, დღის წესრიგში დადგა სალოტბარო სკოლის გახსნის აუცილებლობა.
“აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურ მიგრაციას განიცდის, რაც ადგილზე ტრადიციის თანდათან გაქრობა-გადაშენების საფრთხეს ქმნის.
სალოტბარო სკოლის გახსნის შესაძლებლობა, ზემოთ თქმულ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად განაპირობა სოფლის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, გიორგი ბაზერაშვილის მისვლამ.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ, პირველი სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა.
10 წლის მანძილზე, ფოლკლორის ცენტრმა, საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და დღეს უკვე 2000-მდე მოსწავლე, სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება ქართულ მრავალხმიანობას, ტრადიციულ გალობასა და ქორეოგრაფიას.
2025 წლიდან სალოტბარო სკოლებში ქართული ზეპირსიტყვიერების სწავლებაც დაიწყო.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.