ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ურუშაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიასთან ერთად, 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.
თალაკვაძის თქმით, 9 აპრილს
ტკივილის და სიამაყის განცდა ახლავს.
„1989 წლის 9 აპრილი – დღე, რომელსაც ახლავს უდიდესი ტკივილის და სიამაყის განცდა. დღე, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი მთავარი ღირებულებების, თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარშემო. ოზურგეთში პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის, აფხაზეთის ომში გარდაცვლილი მებრძოლებისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას. დიდება ჩვენს გმირებს! მადლობა თავისუფლებისთვის!”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.