ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი და ეროვნული გმირების ბიუსტები ტიტებით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად,1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ზუგდიდში მდებარე მემორიალი ტიტებით შეამკო. ინფორმაციას
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მემორიალთან, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მალხაზ ჭანტურიამ პანაშვიდი გადაიხადა, ადგილზე შესრულდა „შავლეგო”. ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ეროვნული გმირების ბიუსტები.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, 9 აპრილი გლოვასთან ერთად იყო, უდიდესი ერთობისა და ერის შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლო.

„36 წელი გავიდა 9 აპრილის ტკივილიანი დღიდან. ეს იყო საშინელი დღეები, რომელმაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. 1989 წლის 9 აპრილი გლოვასთან ერთად იყო, უდიდესი ერთობისა და ერის შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლო! 9 აპრილის გმირებს შორისაა ჩვენი რეგიონიდან აზა ადამია, მათი თავდადება მაგალითია მომავალი თაობებისთვის. მადლობა გმირებს თავისუფლებისთვის, დიდება და წარმატებები ჩვენს ქვეყანას!” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა დაშავდა ასობით მოქალაქე. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები