სამტრედიაში, 9 აპრილს გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი ტიტებით შეიმკო
სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ტიტების კომპოზიციებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
36 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როცა მშვიდობიანი მომიტინგეები თბილისში საბჭოთა ძალების მიერ სასტიკად დაარბიეს. 9 აპრილი დღეს სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და თვითგანწირვის.
დღესვე, აღნიშნულ თემას მიეძღვნა სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართული ამაღელვებელი ღონისძიება. სკოლის პედაგოგების, ნატო ჯამბურიასა და დირექტორ თეა კარტოზიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა პატრიოტული კომპოზიციებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა.
ღონისძიების ფარგლებში, სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ მადლობის სიგელი გადასცა პედაგოგ ნატო ჯამბურიას – 9 აპრილის თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გამოჩენილი აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეებში ეროვნული ცნობიერების გაღვივებისთვის.
სამტრედიის მერის, დავით ბახტაძის თქმით, ეს დღე ყველას პასუხისმგებლობას აკისრებს.
„9 აპრილი გვახსენებს, თუ რამდენად დიდია თავისუფლების ფასი. ეს დღე გვაკისრებს პასუხისმგებლობას – ვიყოთ ერთიანები, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას ღირსეულად და პატივი ვცეთ მათ, ვინც ამ გზას საკუთარი სიცოცხლე შესწირა”,- განაცხადა მერმა.