ახალციხეში, 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

,,დღეს, ქალაქ ახალციხეში, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას”,- ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ადგილობრივი თვითმართველობის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

,,დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.

ღონისძიებაზე შეკრებილებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე გაიხსენეს, გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს, ასევე სიამაყით გაიხსენეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 34 წლისთავი.

ამ დღის მნიშვნელობის შესახებ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და ახალციხეში 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა ბათაძემ.

36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები