ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო – სარიტუალო სამსახურს დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
„ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. სარიტუალო სამსახურის პირადმა შემადგენლობამ სტუმრებს საჩვენებელი გამოსვლა შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში სამხედროების უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირველი დანაყოფი – „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს საპატიო ყარაულს სახელწოდება შეეცვალა და „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში. სამხედრო – სარიტუალო სამსახურში ჩარიცხვამდე მერიტუალეები სპეციალურ შერჩევასა და მომზადებას გადიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.