იცოდით, რომ პოპკორნი 5 000 წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინეს?

დღეს პოპკორნი კინოთეატრებთან და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ მისი ისტორია ათასობით წლით ადრე დაიწყო. ეს პოპულარული სასუსნავი ადამიანებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და ის ერთ-ერთი უძველესი დამუშავებული საკვებია, რომელსაც კაცობრიობა დღემდე მიირთმევს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიმინდის მარცვლები პირველად 9,000 წლის წინ მექსიკის ტერიტორიაზე მოაშენეს. თუმცა, სწორედ პოპკორნის სახით მისი გამოყენების უძველესი ნაშთები არქეოლოგებმა პერუში, მექსიკასა და ნიუ-მექსიკოში აღმოაჩინეს. ყველაზე ძველი პოპკორნის მარცვლები დაახლოებით 5,600 წლის წინანდელია.

ადამიანებმა, სავარაუდოდ, სიმინდის მარცვლები კოცონზე ან ცხელი ქვების ზედაპირზე შემთხვევით დაყარეს და დაინახეს, როგორ „აფეთქდნენ“ ისინი, რის შედეგადაც მსუბუქი და ჰაეროვანი პოპკორნი წარმოიქმნა. ამ პროცესმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან ეს გემრიელი და მარტივი საჭმელი გამოდგა.

პოპკორნი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ინდიელთა ცივილიზაციაში. მაიას და აცტეკების ტომები მას საკვებად იყენებდნენ და რიტუალების დროსაც მოიხმარდნენ. ინდიელები პოპკორნის მარცვლებს ცხელ ქვებზე აცხობდნენ და ამზადებდნენ; ზოგიერთი ტომი კი, მას სამკაულების ან თავზე მოსახვევი გვირგვინების დასამზადებლადაც მოიხმარდა.

პირველი ევროპელები, რომლებმაც პოპკორნი აღმოაჩინეს, ესპანელი კონკისტადორები იყვნენ. როდესაც ჰერნან კორტესი 1519 წელს აცტეკების იმპერიას ესტუმრა, ნახა, როგორ ამზადებდნენ და იყენებდნენ აცტეკები პოპკორნს. მოგვიანებით, ეს კულტურა ევროპაშიც გავრცელდა.

19-ე საუკუნეში ამერიკელები პოპკორნს ქუჩებში ყიდდნენ და სპეციალური მოწყობილობებით ამზადებდნენ. თუმცა, პოპკრონის ბუმი კინოთეატრების ეპოქას უკავშირდება. 20-ე საუკუნის დასაწყისში კინოთეატრების მფლობელები მიხვდნენ, რომ ეს იაფი და სასიამოვნო სასუსნავი იდეალურად ერგებოდა ფილმების ნახვის გამოცდილებას. მას შემდეგ პოპკორნი კინოს განუყოფელი ნაწილი გახდა.

მართალია, პოპკორნის აღმოჩენა შემთხვევითი იყო, მაგრამ ის ათასწლეულების განმავლობაში დარჩა ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ საკვებად. მისი ისტორია უძველეს ცივილიზაციაში იწყება და დღესაც თანამედროვე კულტურის განუყოფელი ნაწილია. როდესაც შემდეგ ჯერზე პოპკორნს მიირთმევთ, გახსოვდეთ, რომ ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სასუსნავი ათასობით წლის ისტორიას ინახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები