შემთხვევითი აღმოჩენა, რომელმაც მედიცინა შეცვალა — პენიცილინის ისტორია

დღეს ანტიბიოტიკები მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იცავს, მაგრამ მათი აღმოჩენა მეცნიერების დაგეგმილი კვლევის კი არა, ერთი შემთხვევითობის შედეგი იყო. პენიცილინი, პირველი ანტიბიოტიკი, 1928 წელს შოტლანდიელმა ბაქტერიოლოგმა, ალექსანდერ ფლემინგმა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა.

ფლემინგი ლონდონის ერთ-ერთი საავადმყოფოს ლაბორატორიაში სტაფილოკოკური ბაქტერიების შესწავლით იყო დაკავებული. შვებულებიდან დაბრუნებულმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი სინჯარის თავი, რომელშიც ბაქტერიები ინახებოდა, არასწორად იყო დახურული.

როდესაც ფლემინგმა სინჯარა შეამოწმა, დაინახა, რომ მასზე ობის ლაქა გაჩნდა. თუმცა, ყველაზე გასაოცარი ის გახლდათ, რომ ობის გარშემო ბაქტერიები მთლიანად განადგურებულიყვნენ. ეს უცნაური მოვლენა მეცნიერმა ყურადღებით შეისწავლა და დაადგინა, რომ ობი გამოყოფდა ნივთიერებას, რომელსაც ბაქტერიების მოკვლა შეეძლო.

ფლემინგმა ნივთიერებას „პენიცილინი“ უწოდა, რადგან ის Penicillium notatum- ობისგან წარმოიქმნებოდა. მიუხედავად ამ მნიშვნელოვან აღმოჩენისა, ფლემინგს არ შეეძლო მასობრივი წარმოება, რის გამოც მისი ნამუშევარი დროებით დავიწყებას მიეცა.

1930-იანი წლების ბოლოს ჰოვარდ ფლორიმ, ერნსტ ჩეინმა და ნორმან ჰიტლიმ ფლემინგის ნაშრომი ხელახლა აღმოაჩინეს. მათ შეძლეს პენიცილინის გაწმენდა, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანებზე მისი გამოცდა. პირველი კლინიკური ცდების დროს ამ აღმოჩენამ ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ საოცარი ეფექტურობა აჩვენა.

მეორე მსოფლიო ომის დროს პენიცილინზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ის მთავრობამ და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაიწყეს მისი მასობრივი წარმოება. 1944 წლისთვის პენიცილინი ფართოდ გამოიყენებოდა დაჭრილი ჯარისკაცების ინფექციების სამკურნალოდ, რაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენას უწყობდა ხელს.

პენიცილინის შემთხვევითი აღმოჩენა ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა იყო მედიცინაში. ალექსანდერ ფლემინგი, ჰოვარდ ფლორი და ერნსტ ჩეინი 1945 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები