ირაკლი ზარქუა: გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ „მადამ ფრანცუჟენკას“ გაუგებარი ინიციატივები – მე მგონი ამათ „ეკაიფება“

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გუშინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილი გამოსვლა შეაფასა.

“ვამბობდით, რომ ესენი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. მივმართავ ახალგაზრდებს – გუშინ დარწმუნდით თუ არა ამაში ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის, აფრიალებული პლაკატები რომ იყო? ვინმემ გააპროტესტეთ? – არა, რადგან თქვენც ამ ჯგუფებისგან ხართ მართული.

არაერთხელ გამიფრთხილებიხართ, როგორც ჩვენი ყველა ლიდერი გაფრთხილებდათ, რომ ნუ გაჰყვებით ამათ, რადგან მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. ნუ გაჰყვებით გოგუცას თუ ბაბუცას, ლომჯარიას, ნანულას – ხომ გაფრთხილებდით. მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე? ბელადის, რომელმაც პუტინის დახმარებით ჩვენი ქვეყანა ომში გახვია, ტერიტორიები გადაუფორმა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მისცა და შემდეგ ევროსაბჭოში თავის ბანდას მხარი დააჭერინა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამას უყარეს რეზოლუციაში კენჭი და თანხმობა მისცეს. ამის შემდეგ რომელიმე რომ გამოხვალთ და იტყვით, დამოუკიდებლები ვართო, არავინ დაგიჯერებთ – ამიტომ წადით სახლში, წიგნს მოკიდეთ ხელი, თქვენს მშობლებს ელაპარაკეთ და აგიხსნიან, რომ მათი გზა არის ომის, ბიზნესის რეკეტის, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები…

დღეს ჩვენ სუვერენიტეტი აქამდე მოვიტანეთ და გავაძლიერეთ და შემდეგმა თაობამ, ანუ თქვენ უნდა გადაიბაროთ ეს პოლიტიკა, მაგრამ ამათთან, ამ „ლუზერებთან“, ცალ ფეხზე მდგომთან არაფერი გამოგივათ. ეს თქვენთვის პოლიტიკური გალაწუნება იყო, გუშინ გაგაერთიანათ თუ არა „ნაცების“ ბელადმა? მერე უკვირთ, ხალხი რატომ არ დადისო. „ნაცების“ მობრუნება არის რუსების ინტერესების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ჩაგვრის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მობრუნებაა. გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ იქ დგას „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რევანშისტები და ისინი, ვისაც ერთი სული აქვთ ხელისუფლებაში ყველაფრის ფასად მოვიდნენ. თქვენც გადაგივლიან და გაგწირავენ. ჰკითხეთ, თქვენ რომ გაჯარიმებენ, მათი ერთი ლიდერი რატომ არ არის დაჯარიმებული? თქვენ რომ ციხეში ხართ, ისინი რატომ არ არიან? იმიტომ, რომ ისინი ჭკვიანურად იქცევიან და თქვენ გიყენებენ. ნუ გამოაყენებინებთ თავს. განსხვავებული აზრი გაქვთ? – მოდით, ილაპარაკოთ, იქნებ მართლები ხართ, მაგრამ იმას რასაც თქვენ გაკეთებინებენ, არაფერში არ წერია.

ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ „მადამ ფრანცუჟენკას“ გაუგებარი ინიციატივები. მე მგონი ამათ „ეკაიფება“ – ასე შეიძლება შევაფასოთ. ჯერ რაღაც ქარტიაო, ახლა წინააღმდეგობის ჯგუფიო. იმ ქარტიაში რა, წინააღმდეგობის ჯგუფი არ ჰქონდათ? სინამდვილეში, ეს ქალბატონი ხელმოცარული და ჩვეულებრივი აფიორაა“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, გუშინ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები