ლევან დავითაშვილი: საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და ზოგადად პარტნიორებთან

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ და გრძელვადიან პარტნიორებთან, გვქონდეს სტაბილური ურთიერთობები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საარჩევნო პროცესში, ისე წინა პერიოდში, რომ საქართველო მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და ზოგადად პარტნიორებთან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება და გადაიტვირთება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მეტი გააკეთა ევროინტეგრაციის კუთხით.

„ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს პროგრესს და ეს პროგრესი გამოიხატებოდა ბევრ წარმატებაში, რომელიც საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მიღებით განისაზღვრა. ეს პროგრესი გაგრძელდება შემდეგ პერიოდშიც და ამ პროგრესის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი საარჩევნო პროგრამის, ჩვენი დაპირებების და ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებების განხორციელების შედეგად, სხვანაირად – არანაირად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება. საზოგადოება უახლოეს ხანებში დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხითაც და რა დონის მაღალი კოორდინაცია ექნება სამთავრობო გუნდს, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დაფიქსირდა, რომელიც ჩვენი კანდიდატის სტატუსის მერე განახლებული ევროპასთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, ეს შესრულდება. ეს პრინციპული რეფორმებია, რომელზეც ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ ამას განვახორციელებთ,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესი ყველა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არის არაორდინარული.

„დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს საქართველოს ხალხის მანდატი, რომ განახორციელოს რეფორმები და მივიღოთ ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც მოსახლეობას შევპირდით. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ პარტნიორი ქვეყნები ამასაც აღიქვამენ ადეკვატურად და გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის, თანამშრომლობასა და ურთიერთობებში ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან. საუბარია, როგორც აშშ-ზე, ისე ევროპაზე და ისე სხვა პარტნიორ ქვეყნებზე, რომლებთანაც ურთიერთობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის შეჩერებული და მოიცავს მთელი რიგი ვალდებულებებისგან, რომელთა შესრულების გარეშეც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი არ იქნებოდა.

„ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მკაფიო მყარი ხედვა, რომ საქართველო ამ კუთხით გააგრძელებს სვლას, ასევე საქართველოს მთავრობის განწყობა და მზადყოფნა, რომ ამ რეფორმებში ვიყოთ აქტიური,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ჩვენ გვესმის, რომ საარჩევნო პროცესი გარკვეულწილად არაორდინარული ვითარებაა. ეს პროცესი დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს მანდატი. ემოციები გადაიდება გვერდზე. ახლა საუბარია პრაგმატულ პოლიტიკაზე ორივე მხრიდან – მე ამის მოლოდინი მაქვს და თანამშრომლობაზე, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს როგორც საქართველოსთვის, ისევე, ვიტყოდი, ევროკავშირისთვის,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები