“არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას,”- ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი

“არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, “- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

მეტრეველი მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა.

“მინდა, ჩვენს საზოგადოებას ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მივულოცო. ვერცერთი დამკვირვებელი ვერ უარყოფს, რომ არჩევნების დღესაც მთლიანობაში სიმშვიდე იყო, სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, წინასაარჩევნო პერიოდიც უპრეცედენტოდ მშვიდი იყო. როდესაც საუბარია დამკვირვებლების დასკვნაზე – ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა ახსენეს ფრაზა: არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ. თავისთავად გასაგებია, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. განცხადებები რაც ოპოზიციიდან კეთდება, სრულიად მოსალოდნელი იყო. რამდენიმე თვის წინ ვპროგნოზირებდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს არ აღიარებდა. ვნახეთ შეკრებილი აბსოლუტურად უპრინციპო ხალხის ერთობა, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. სწორედ ის არის ყველაზე უპრინციპო, უსინდისო განცხადებებით გამორჩეული. ის “ნაციონალური მოძრაობისგან” არაფრით აღარ განსხვავდება. მისი ლუსტრაცია საბოლოოდ მოხდა. ძალიან კომიკურია ეს ფაქტი: მის გვერდით უმეტესობა ის ხალხი იდგა, ვინც მის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. სხვათა შორის, 2018 წლის ეუთო/ოდირის დასკვნას თუ გადახედავთ, იქ ბევრად მეტ დარღვევაზეა საუბარი, ვიდრე ამ არჩევნებზე იყო. ელემენტარულად, მისი უსინდისობის კიდევ ერთი ინდიკატორი რა არის: 2-3 დღის წინ საუბრობდა, შეუძლებელია ამ არჩევნების გაყალბება, მიდით, თქვენი ხმა დაცული იქნებაო. დღეს ასეთი განცხადებებით გამოვიდა. ეს არის აგენტურული ქსელის ბოლო გაფართხალება, დავალება რომელსაც ასრულებს. ეს პროცესი როგორც 2020 წელს დასრულდა უშედეგოდ, ზუსტად ასევე დასრულდება. თუ რამდენიმე ცხელთავიანი რადიკალია და რამეს დააპირებს, ერთი გადაცდენა მაინც იქნება, სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით მიხეილ სააკაშვილს გვერდით მიუსხდებიან, სამართალდამცავი სისტემა გამართულად მუშაობს, მთლიანად ხელისუფლება გამართულად მუშაობს, ყველა ინსტიტუცია მუშაობს. არავინ ამ ქვეყანაში არავითარ რევოლუციას, “ვარდების რევოლუციის” გამეორებას არ დაუშვებს. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით ოპოზიციაში” – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, გარკვეული ხარვეზები ყველა არჩევნებს თან სდევს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც არ უარყოფს, რომ გარკვეული ხარვეზები იყო, ეს ყოველთვის არის და ყველა არჩევნებს თან სდევს. გადავხედოთ თუნდაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 4 წლის წინ გაიმართა. იქ დონალდ ტრამპი საუბრობდა, არჩევნები გამიყალბესო, დღემდე არ აღიარებს შედეგს. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის გამოწვევაა, მაგრამ მთლიანობაში როდესაც ამ არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება მოხდა, არავითარი კითხვები არ არის. მეც მივეცი ხმა, ვნახე, როგორ ყურადღებით შეამოწმეს ჩემი პირადობა და სახეზე შემომხედეს. ყველგან ასე ხდებოდა. დადონ მტკიცებულებები. 2020 წელსაც ასე საუბრობდნენ და ვერაფერი დადეს. ახლაც ბურთი და მოედანი აგერაა, მტკიცებულებები წარმოადგინონ. არავითარი მტკიცებულებები არ აქვთ. ზოგადად, როდესაც ქართველი ხალხის ნება ურყევია, მას ვერავინ შეაჩერებს. ამის დასტურია 2012 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ურთულეს, ჯოჯოხეთურ გარემოში ხელისუფლების ცვლილება მაინც შეძლო. ამ ოპოზიციის პირობებში “ქართული ოცნება” განწირულია გამარჯვებისთვის. ეს ხალხი ” ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს დაამარცხებს. როგორ უნდა მოუგოს მამუკა ხაზარაძემ? უსინდისო ადამიანი საკუთარ ქვეყანას მილიარდ-ნახევარ დოლარს სთხოვდა. მესმის, რომ ის თანხა მოეთხოვა, რაც დაკარგა, ჯერ ერთი არაფერი დაუკარგავს. მილიარდ-ნახევარი დოლარი ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდოდა. ასეთ ადამიანს ვინ მისცემს ხმას? ან ვინ მისცემდა ბევრ ხმას მოღალატე გახარიას? “ნაციონალური მოძრაობის” ორ განშტოებაზე საერთოდ საუბარიც არაა. ასეთ ფონზე ვის უნდა გაუკვირდეს თუნდაც ქვეყნის გარეთ, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს? იმ პარამეტრებს აღარ ჩამოვთვლი, რაც “ქართული ოცნების” პერიოდში გაკეთდა: უმუშევრობის ორჯერ შემცირება, ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია – სიმშვიდე, არ ყოფილა არცერთი ომი და საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს. ამას ყველა მოქალაქე ხედავს” – განაცხადა მეტრეველმა.

ანალიტიკოსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტსაც გამოეხმაურა.

“ეს ვიზიტი მისასალმებელია, ვიქტორ ორბანი ჩვენი ძალიან კარგი, ერთგული მეგობარია, ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ლიდერია. ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. ზუსტად ისევე უფრთხილდება თავის ქვეყანას, როგორც ჩვენ ვუფრთხილდებით. შიშობს, რომ შემთხვევით მისი ქვეყანაც ომში არ ჩაერთოს. ყველა ქვეყნის ადეკვატური ხელისუფალი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს. ასეთი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ლამის მესამე წელი სრულდება, რაც ეს გრძელდება. ამ ფონზე მისი ვიზიტი, ჩვენი მჭიდრო კომუნიკაცია უნგრეთის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის თემას: ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება. ეს დაპირისპირება “ქართულ ოცნებას” არ დაუწყია. როგორ შეიძლება, კანონის მიღების გამო ვიღაც გაგებუტოს, გაგაკრიტიკოს. არაფერი მომხდარა ისეთი, რისი გადატვირთვაც დღეს არ შეიძლება. ადეკვატური ადამიანები იქაც არიან, რომლებთან ლაპარაკი შეიძლება. ველოდებით, ჩვენგან ამაზე მზაობა ყოველთვის იყო, ჯერი მათზეა” – განაცხადა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები