პესკოვი: რუსეთი არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ევროპული ძალები ცდილობენ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა და მოსკოვი მათ უარყოფს, ­- ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია.

მისი თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება – მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. კენჭისყრის შედეგზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ძალები ევროპის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტებიდან. ეს არც კი დაუმალავთ და საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მოსკოვისგან განსხვავებით. ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არც ვაპირებთ ჩარევას“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგებში მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს.

„ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში. სხვათაშორის, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი შიდა ქართული საქმეა“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები