ლევან დავითაშვილი: სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის პასუხისმგებლიან პოლიტიკას, ლარის კურსი შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის პოლიტიკას სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. მისი განმარტებით, არჩევნები მკაფიო სიგნალი იყო, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობა იქნება.

„სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. არჩევნებით ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა, ქართველმა ხალხმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა – მოსახლეობამ მანდატი მისცა ხელისუფლებას, არჩევანი გაკეთდა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიდგომებს, პირველი ვიცე-პრემიერი მათ პასუხისმგებლიან პოლიტიკას უწოდებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რადგან, მისი შეფასებით, ისინი აუცილებელი იყო ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მეტად იდგა ამის საჭიროება. ამასთან, მისი განმარტებით, სავალუტო რეზერვები ეროვნული ბანკის მიერ სრულიად მიზნობრივად იქნა დახარჯული და ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს.

„იყო ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის წნეხი არჩევანის გაკეთებამდე, არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ეს წნეხი მოიხსნა – პირიქით, იქნება სიცხადე და აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები. ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქცია სწორედ ასეთი როლის შესრულებაა – რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა ისეთი შოკების და გამოწვევების დროს, როგორიც ჩვენ გვქონდა. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ მიზეზის მიუხედავად, ზუსტად ამისთვის უნდა გამოიყენო რეზერვები, რომ საბოლოოდ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ, და ასეც არის. ასე რომ, შემდეგ პერიოდში ჩვენ უკვე დავინახავთ ამ კუთხით წნეხის მოხსნას, ლარის კურსი შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, რადგან ყველა სხვა პარამეტრი, რაზეც ეროვნული ბანკიც საუბრობდა, ჩვენს ეკონომიკაში ჯანსაღია და ის კიდევ უფრო კარგი ტემპით გააგრძელებს წინსვლას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება უახლოეს თვეებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი მოლოდინით და პროგნოზით წლის ბოლო კვარტალი ერთ-ერთი კარგი იქნება. როგორც ის აღნიშნავს, წლის მიმდინარე შედეგები ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და საბოლოოდ, 2024 წელი მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე და სტაბილურად დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები