“ვიქტორ ორბანის ვიზიტი, ჩვენი მჭიდრო კომუნიკაცია უნგრეთის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
როგორც მეტრეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ორბანის ვიზიტი, ჩვენი მჭიდრო კომუნიკაცია უნგრეთის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია.

“ეს ვიზიტი მისასალმებელია, ვიქტორ ორბანი ჩვენი ძალიან კარგი, ერთგული მეგობარია, ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ლიდერია. ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. ზუსტად ისევე უფრთხილდება თავის ქვეყანას, როგორც ჩვენ ვუფრთხილდებით. შიშობს, რომ შემთხვევით მისი ქვეყანაც ომში არ ჩაერთოს. ყველა ქვეყნის ადეკვატური ხელისუფალი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს. ასეთი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ლამის მესამე წელი სრულდება, რაც ეს გრძელდება. ამ ფონზე მისი ვიზიტი, ჩვენი მჭიდრო კომუნიკაცია უნგრეთის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის თემას: ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება. ეს დაპირისპირება “ქართულ ოცნებას” არ დაუწყია. როგორ შეიძლება, კანონის მიღების გამო ვიღაც გაგებუტოს, გაგაკრიტიკოს. არაფერი მომხდარა ისეთი, რისი გადატვირთვაც დღეს არ შეიძლება. ადეკვატური ადამიანები იქაც არიან, რომლებთან ლაპარაკი შეიძლება. ველოდებით, ჩვენგან ამაზე მზაობა ყოველთვის იყო, ჯერი მათზეა” – განაცხადა მეტრეველმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.
29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტი ორდღიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები