პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ყველა ხრიკი, რაც მათ ჰქონდათ, წინა წლებში გამოიყენეს

“კარგია, რომ კენჭისყრა ელექტრონული იყო. ოპოზიციას ბევრი ლოდინი აღარ დასჭირდება ოფიციალური შედეგების გაცნობისთვის, ქვეყნის წინააღმდეგ სიარულის შემდეგ, ქართველმა ხალხმა აწონა, გაზომა და ისინი უვარგისებად ჩათვალა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ხრიკი, რაც ოპოზიციას ჰქონდა, წინა წლებში გამოიყენა.

„ეს ყველაფერი ვნახეთ 2020 წელს, როცა ზუსტად იგივე სცენარის გათამაშება უნდოდათ. საბოლოო ჯამში ნახეს, რეალობა რა არის. კარგია, რომ კენჭისყრა ელექტრონული იყო. მათ ბევრი ლოდინი აღარ დასჭირდებათ ოფიციალური შედეგების გაცნობისთვის, რომელიც რამდენიმე საათში იქნება. კითხვა იმაში იქნება, ამის შემდეგ რა დასკვნებს გამოიტანენ, როცა მათი ასეთი ქცევით, ჯანჯღარით, ქვეყნის წინააღმდეგ სიარულის შემდეგ, ქართველმა ხალხმა აწონა, გაზომა და ისინი უვარგისებად ჩათვალა.

ოპოზიცია ჯიუტად არ იჯერებს გამონათქვამს, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ იმედია, ახლა მაინც ცოტა დაფიქრდებიან, რადგან ყველა ხრიკი, რაც მათ ჰქონდათ, წინა წლებში გამოიყენეს – ყალბი დასკვნები, ყალბი პარალელური დათვლები. ქართველ ხალხს ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს და ამას არავინ დაიჯერებს. არჩევანი მათზეა, ან დაკარგავენ დროს და შემდეგ პუფებივით შემოვლენ პარლამენტში, ან ქართველი ხალხის ვერდიქტს ერთხელ მაინც მიიღებენ და შეეცდებიან, როგორც ოპოზიცია, პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ საქმიანად. ეს მათი არჩევანია. ამას ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები