ლაშა ჟვანია ისრაელში მის მიერ არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილის განცხადებას ცილისწამებას უწოდებს

სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან – ამ სპეცოპერაციას კი ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, ის თბილისში იმყოფება და პირადად დაუკავშირდა სამადაშვილს, რათა გაერკვია, ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია და რა ფაქტებით არის განმტკიცებული ის.

„რადგან ჩემზე უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ინფორმაცია მასობრივი საშუალებებით გავრცელდა, იძულებული ვარ, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემს მიერ „ისრაელში არჩევნების ჩაშლის; საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელობასთან“ დაკავშირებით ქალბატონი სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა. ვარ თბილისში, დავუკავშირდი პირადად და ვთხოვე ეთქვა, ვინ უთხრა ეს ტყუილი და რა დამადასტურებელი ფაქტი მოუყვანა. ვთხოვე, თავადვე უარყოს მისივე არასწორი განცხადება.

ისრაელში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად ვაგრძელებ მეგობრულ და კარგ ურთიერთობას.

დღეს გავიგე, რომ კომისიის წევრების ნაწილი რატომღაც უარს აცხადებს კომისიაში მუშაობაზე.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არჩევნების პროცესის უზრუნველყოფა, ხოლო ჩვენი – როგორც უფლება, ასევე, მოქალაქეობრივი ვალდებულებაც – არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.

ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის, დედაჩემი, რომელიც ისრაელში მკურნალობის მიზეზით იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულია საკონსულო აღრიცხვაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხმის მისაცემად ემზადება.

რაც შეეხება, ქ-ნი სამადაშვილის მხრიდან ჩემი სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში სახელმწიფო მაღალ თანამდებობებზე მუშაობის არც თუ ისე მწირი გამოცდილების გახსენებას – ნებისმიერ ხელისუფლებას და სახელმწიფოს სჭირდება ჩემნაირი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი დიპლომატები და საჯარო მოხელეები, თუმცა, დღეს მაქვს, გადაუჭარბებლად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ყველაზე საპატიო თანამდებობა და სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება არც ერთი ხელისუფლების პირობებში ჩემს პირად გეგმებში არ შედის!

მომავალში?!.. კიდევ ბევრი იქნება“, – წერს ლაშა ჟვანია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები