ჰიპატია — ანტიკური სამყაროს ქალი ფილოსოფოსი, რომელიც სასტიკად მოკლეს
ჰიპატია ალექსანდრიელი ანტიკური სამყაროს და ერთ-ერთი უძველესი თვალსაჩინო ბერძენი ქალი-მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი გახლდათ. ის ალექსანდრიაში ასწავლიდა და იმ დროისთვის როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ალექსანდრიული ნეოპლატონური სკოლის წინამძღვარი იყო.
განათლება ჰიპატიამ თავის მამისგან, ტეო ალექსანდრიელისგან მიიღო, რომელიც ალექსანდრიული სკოლის მეცნიერთა რიგს ეკუთვნოდა. დაახლოებით, 400 წელს ჰიპატია სკოლაში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფილოსოფიის კათედრა დაიკავა. ასწავლიდა პლატონის და არისტოტელეს ფილოსოფიას, აგრეთვე მათემატიკას; ითვლიდა ასტრონომიულ ცხრილებს; აკომენტარებდა სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომებს, მაგალითად, აპოლონიოს პერგელის და დიოფანტე ალექსანდრიელის. ამ ნაშრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ისტორიკოსი სოკრატე სქოლასტიკოსი ასე ახასიათებდა ჰიპატიას:
„მან ისეთი ცოდნა მოიხვეჭა, რომ თანამედროვე ფილოსოფოსებს გადააჭარბა. იყო პლატონის სკოლის მემკვიდრე და მსურველებს ასწავლიდა ყველა ფილოსოფიურ მეცნიერებას. ამიტომაც, ფილოსოფიის შესწავლის მსურველნი მისკენ ყველა მხრიდან მიემართებოდნენ. თავისი განათლებით და თავდაჯერებულობის ღირსეული გრძნობით, იგი მოკრძალებით მდგარა მბრძანებელთა წინაშეც კი. არ განიცდიდა არავითარ სირცხვილს, რომ მამაკაცთა გარემოცვაში იმყოფებოდა, რადგან არაჩვეულებრივი მოკრძალების გამო, ყველა პატივს სცემდა და აღმერთებდა მას.“
ჰიპატია მონაწილეობას იღებდა ალექსანდრიის საქალაქო პოლიტიკაში, გააჩნდა რა გავლენა ქალაქის პრეფექტ ორესტეზე. ეს ეპისკოპოს კირილეს მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა. ამასთან ერთად კირილეს ქალი-მეცნიერის დამოუკიდებელი და განათლებული, არაქრისტიანული ფიგურა აღიზიანებდა. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სწორედ მისი ორგანიზებული უნდა იყოს ბრბოს მიქსევა ჰიპატიაზე და მისი ძალადობრივი სიკვდილი.
„ვინაიდან იგი ძალზე ხშირად საუბრობდა ორესტესთან, ამან განარისხა ეკლესიის მეთაურნი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჰიპატია არ აძლევდა ორესტეს კირილესთან მეგობრობის საშუალებას. ამიტომაც, ცხელთავიანი ხალხი, ვინმე პეტრეს მეთაურობით, ერთხელ შეითქვნენ და თავს დაესხნენ ამ ქალს, როცა იგი საიდანღაც სახლში ბრუნდებოდა. მათ იგი ძალით წაათრიეს კესარიად წოდებულ ეკლესიაში, გააშიშვლეს და თავის ქალა გაუხეთქეს, სხეულის ნაწილები დაყარეს ადგილზე, რომელსაც კინარონი ეწოდება და დაწვეს. ამან არცთუ ისე ცოტა მწუხარება და სირცხვილი მოუტანა როგორც კირილეს, ასევე ალექსანდრიის ეკლესიას, რადგანაც მხეცური მკვლელობა სრულებით უცხოა ქრისტეს სულით მოფიქრალთათვის. ეს მოხდა ეპისკოპოს კირილეს მეოთხე წელს, კონულ ჰონორიას მეათე და კონსულ თეოდოსის მეექვსე წელს. მარტის თვეში, მარხვის დროს.“
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსი ჰიპატიას ძალადობრივ სიკვდილში ,,ვინმე პეტრეს” ადანაშაულებს, გვიანდელი ავტორები დამნაშავედ კირილეს ასახელებენ, რომლის მოგვიანებით წმინდანად კანონიზაცია მოხდა. საინტერესოა, რომ 1970 წელს კრებულ ,,ეკლესიის რეფორმატორებში” ეპისკოპოს კირილეზე აღნიშნულია:
„ის, სულ ცოტა, მორალურად პასუხისმგებელია კეთილშობილი წარმართის, ჰიპატიას მკვლელობაში.”
ტინეფელდი აღნიშნავს: „შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ კეთილშობილი და მაღალი განათლების მქონე ქალი იყო ფანატიკოსი ეპისკოპოსის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი.”
მიუხედავად ამ და ბევრი სხვა ავტორის ერთსულოვანი თანხმობისა, ეკლესია დღემდე ჯიუტად უარყოფს კირილეს მაპროვოცირებელ როლს ჰიპატიას ტრაგედიაში. ვატიკანის პოზიცია დღემდე უარყოფითია.
ჰიპატიას სიკვდილს მოგვიანებით მეცნიერთა მასობრივი ემიგრაცია მოჰყვა ალექსანდრიიდან, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლეს ქრისტიანმა ფანატიკოსებმა და ანტიკური ეპოქის საგანძური – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დაწვეს. ამდენად, ანტიკური ცოდნის კოლოსალური და ფასდაუდებელი ნაწილი სამუდამოდ დაიკარგა. მისი სიკვდილის შემდეგ ალექსანდრიის ნეოპლატონური სკოლა დაკნინდა და უბრალო ღვთისმეტყველების სკოლად იქცა. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ჰიპატიას სიკვდილი სიმბოლური იყო. მისი სიკვდილი კლასიკური ანტიკურობის აღსასრულად იქცა. როგორც სტეფან გრინბლატი აღნიშნავს, „ჰიპატიას სიკვდილი ეფექტიანი მინიშნება იყო ალექსანდრიის ინტელექტუალური ცხოვრების დაცემისა“.