გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მსოფლიო სურსათის დღე 2024 ქუთაისში აღნიშნა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 16 ოქტომბერს, მსოფლიო სურსათის დღე ქუთაისში აღნიშნა.

„ყოველწლიურად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სურსათის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ყოველთვის აქტიურად ერთვება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. ჩვენ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქვეყანაში ხარისხიანი სურსათის წარმოების ზრდის, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერა. სამინისტრო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების მდგრად განვითარებას, რაც სურსათზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად გაზრდას უწყობს ხელს“, – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.

სურსათის მსოფლიო დღე FAO-ს დაარსების დღეა და გაეროს კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია. მას ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის თემაა „სურსათზე წვდომის უფლება უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის.“ ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინკლუზიური, უფრო ეფექტიანი და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების შესაქმნელად, ჯანსაღი და მრავალფეროვანი საკვების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. სურსათზე წვდომის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა.

მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ აგრობაზარზე „უნიკალური ქართული გემო“ ფერმერებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარადგინეს ტრადიციული სასურსათო ნაწარმი, მათ შორის, რძის პროდუქტები, თაფლი, ჩირი, ქართული პური და სხვადასხვა ნიშური პროდუქცია. ბავშვებისთვის დაიგეგმა სახალისო აქტივობები, მოეწყო შემეცნებითი ინსტალაცია სურსათის დანაკარგებისა და ჭარბი სურსათის გადანაწილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ქუთაისის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი.

ყოველ წელს, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, FAO აჯილდოებს „სურსათის გმირებს“ (Food Heroes) FAO-ს წევრი ქვეყნებიდან. წელს „სურსათის გმირებს“ საქართველოდან თაფლის მწარმოებელი ლალი ტურაბელიძეა, იმერეთის რეგიონის ქალაქ წყალტუბოდან, ბრენდით „ტატულა“. ლალი ტურაბელიძე, გასულ წლებში, FAO-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა და საკუთარ პროდუქციას, რომელსაც მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენებით აწარმოებს, აგრობაზრებზე წარადგენდა.

„მსოფლიო სურსათის დღე FAO-სთვის განსაკუთრებული თარიღია. დღესდღეობით, 738 მილიონამდე ადამიანი შიმშილის ზღვარზეა კონფლიქტების, ამინდის მკვეთრი, განმეორებითი ცვლილებებისა თუ ეკონომიკური ვარდნის გამო. წელს, მსოფლიო სურსათის დღეს, მოვუწოდებთ ყველას გლობალური სოლიდარობისკენ აგროსასურსათო სისტემების გარდასაქმნელად – ინკლუზიური, მდგრადი სისტემების ჩამოსაყალიბებლად უთანასწორობის აღმოფხვრის, მედეგობის გაზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი, რომ ჯანსაღი, ნოყიერი და მდგრადი სურსათი იყოს ხელმისაწვდომი ადამიანის ფუნდამენტური უფლების – სურსათზე წვდომის უფლების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამას მივაღწევთ, შესაძლებელი იქნება ადამიანის სხვა, ძირითადი უფლებების დაცვა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება”, – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები