“ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ასპროცენტიან გამოჯანმრთელებას ნიშნავს, ყველა ქალბატონს მოვუწოდებ, ყოველწლიურად სკრინინგი ჩაიტაროს” – ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ასპროცენტიან გამოჯანმრთელებას ნიშნავს, ყველა ქალბატონს მოვუწოდებ, ყოველწლიურად სკრინინგი ჩაიტაროს”,- ამის შესახებ ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა – საქართველოს“ საბჭოს წევრმა, ბელა ბერიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.

“ჩვენ, “ევროპა დონა -საქართველოს” წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიებში აქტიურად ვართ ჩართულები, ეს კამპანიები ჩვენ მიერაა ორგანიზებული და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. “ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ჩვენ ყოველ წელიწადს მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ პრევენციის მიზნით ყოველწლიური სკრინინგი ჩაიტარონ. ჩვენი აქტივობები სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მთელ საქართველოში, სხვადასხვა რეგიონში ტარდება. 8 ოქტომბერს ცოცხალი ჯაჭვი ჩატარდა, რომელიც ყოველწლიური აქტივობის შემადგენელი ნაწილია. ის საკრებულოს მხარდაჭერით , საკრებულოს წინ, თავისუფლების მოედანზე ტარდება. ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერი ადამიანები ვიკრიბებით, ერთობლივად ცოცხალ ჯაჭვს ვაკეთებთ, რომელიც შემდეგ მოწოდებას უერთდება: ” შენი სიცოცხლე შენს ხელშია”, “ვიბრძვით სიცოცხლისთვის, არასდროს გავჩერდებით, თითოეული ადამიანი მთელი სამყაროა და ამ სამყაროს გადასარჩენად ვიბრძვით”. სკრინინგი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა. ის 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისთვის უფასოა, მათ შეუძლიათ, ძუძუს კიბოს სკრინინგი, ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაიტარონ. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდით, მაგრამ ის შედეგი მაინც არაა, რაც უნდა იყოს – მიმართვიანობას ვგულისხმობ. სკრინინგი დაავადებული ადამიანის დიაგნოსტირებას არ ნიშნავს, სკრინინგი არის ჯანმრთელი ადამიანის გამოკვლევები, პრევენციის მიზნით. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ქალბატონს ყოველწლიურად სკრინინგი ჩაიტაროს. როგორც აღვნიშნე, 40 წლიდან ეს უფასოა, მაგრამ ეხომამოგრაფია არც ისეთი ძვირადღირებული პროცედურაა, ქალბატონებმა 20 წლის ასაკიდან ყოველთვის უნდა ჩაიტარონ, საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციონ. ადრეული დიაგნოსტირება ასპროცენტიან გამოჯანმრთელებას ნიშნავს, დაზოგილია დრო, ენერგია, წამლები, ნერვიულობა, შიში, სტრესი. ადრეული დიაგნოსტიკა ამ ყველაფერს უკან ტოვებს. როგორც აღვნიშნე, სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, მივმართოთ სკრინინგს, გამოკვლევებს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყვი: როდესაც ექიმს მივმართე 40 წლის არ ვიყავი, გამოკვლევა გავიკეთე, 10 წლის წინ გამოკვლევებზე დაჟინებული სიარულით, მკურნალობის კარგი წარმართვით ეს დაავადება დავამარცხე. მას შემდეგ,10 წელია ყველა ქალბატონის სიცოცხლისთვის ვიბრძვი. არსებობს სტატისტიკა, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ძუძუს კიბოს საკმაოდ მზარდი სტატისტიკაა. ონკოლოგიურ დაავადებებს შორის გავრცელებით პირველ ადგილზე ძუძუს კიბო რჩება. ამ მზარდი სტატისტიკის გამო ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველას მოვუწოდებ, გამოკვლევები დროულად ჩაიტარონ”- განაცხადა ბელა ბერიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები