„ყველას გვაქვს ასეთი ადგილი. ადგილი, რომელსაც საკუთარ ფიქრებს და ემოციებს ვანდობთ“ – თეიკო ანჯაფარიძის ახალი წიგნი – „აფრენამდე დარჩა 5 წუთი“

„აფრენამდე დარჩა 5 წუთი” – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში „რადიო იმედის“ წამყვანის, ჟურნალისტ თეიკო ანჯაფარიძის წიგნის წარდგენა გაიმართა. წიგნი 12 მოთხრობას – 12 შეხვედრისა და განშორების ისტორიას აერთიანებს.
„ვუძღვნი უცნობებს, რომლებიც შემხვდნენ და მეგობრები გახდნენ. ვუძღვნი მეგობრებს, რომლებიც გაქრნენ და უცხოებად იქცნენ“… – წერს ავტორი.
წარდგენის შემდეგ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ თეიკო ანჯაფარიძეს.
– როდის დაიბადა  წიგნის დაწერის იდეა?
– ამ წიგნის დაწერის იდეა დაიბადა  გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში, მთავარი ინსპირაცია კი ალბათ მოგზაურობის დიდი სიყვარული და მონატრება გახდა.
– „აფრენამდე დარჩა 5 წუთი“, სათაური მეორენაირად არის – „გადატვირთვის ადგილი აეროპორტია“… რატომ აეროპორტი და არა თუნდაც რკინიგზის სადგური? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს აეროპორტს?
– გარდა იმისა, რომ აეროპორტი რეალური ადგილია, წიგნში პირობითი დატვირთვაც აქვს. მინდოდა ყოფილიყო ისეთი ადგილი, გაჩერების პუნქტი, სადაც გმირები შესვენებას, გაჩერებას, სიტუაციის გაანალიზებას შეძლებდნენ. ყველას გვაქვს ასეთი ადგილი. ადგილი, რომელსაც საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს ვანდობთ.
– 12 ისტორიაა მოთხრობილი… თუ არის ამბავი, რომელიც თქვენ გადაგხდათ თავს და ამ მოგზაურობამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– ზოგი მოთხრობა ნამდვილ ამბავზეა, ზოგი, რა თქმა უნდა, ფანტაზიის ნაყოფია. ყოველ შემთხვევაში, ეს ის სიუჟეტებია, რომლებიც ყველასთვის გარკვეულწილად ნაცნობი და ახლობელია.
– წარდგენა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა…
– ეს მუზეუმი საოცარი ენერგეტიკის მატარებელი ადგილია – თავისი ისტორიით, დატვირთვით, დღევანდელობითა და მომავლის პერსპექტივით. დიდი მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ამ შესაძლებლობისთვის.
– ვინ მოვიდნენ წარდგენაზე? მოსაწვევსაც ბილეთის ფორმა ჰქონდა… რამდენად მოეწონა ეს ფორმა დამსწრე საზოგადოებას?
– იყვნენ გულშემატკივრები, წიგნის მომავალი მკითხველები. უზომოდ მადლობელი ვარ მათი. მოსაწვევის გარდა, წიგნიც იმგვარად არის აწყობილი, რომ თითოეული ამბის წინ მკითხველს დახვდება  თვითმფრინავის ნაწილის ჩანახატი. აქვეა ინსტრუქცია და თავად შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მოდელი. ასე რომ, ისევე როგორც ურთიერთობებში, პატარა ნაწილაკებისგან რაღაც დიდის აწყობა ყოველთვის შესაძლებელია. სრული წრეც ხომ  მოლოდინიდან შეხვედრამდე იკვრება.
– რა შეცვალა წიგნის წარდგენის დღემ თქვენში? რა ემოციით ხართ?
– ემოციით სავსე ვარ. ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც მოვიდა ან ვერ მოვიდა, მაგრამ მათი ჩემ გვერდით ყოფნა ვიგრძენი.
– „წიგნებსაც აქვთ საკუთარი თავგადასავალი… მინდა, რომ მკითხველი თვითონ გახდეს თანაავტორი და თავისივე დასასრულზეც იფიქროს“… ამბობთ ინტერვიუში. როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება თქვენი წიგნის თავგადასავალი წარდგენის შემდეგ?
– წიგნის წარდგენის შემდეგ ავტორი მას თავისუფალ ცურვაში უშვებს. ახლა უკვე მის უდიდებულესობა „მკითხველზეა” დამოკიდებული წიგნის მომავალი თავგადასავალი.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები