“მზისკარის” პროექტი ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებას შეუწყობს ხელს”- ლევან დავითაშვილმა გასტრონომიული ტურიზმის ხელშემწყობი ახალი პროექტის „მზისკარის” პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
პირველი ვიცე – პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარი” პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ როგორც ტურისტული სექტორის, აგრეთვე იმ საოჯახო რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც სამომავლოდ „მზისკარის” ერთიან ქსელში გაერთიანდებიან.
მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდაში აღნიშნული სექტორის წილი განსაკუთრებულია.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ტურიზმი ინკლუზიური დარგია. ამ სექტორში ქვეყნის რეგიონებში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა ჩართული. ველოდებით, რომ 2024 წლისთვის ტურიზმიდან ეკონომიკა 4 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება გასტროტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო ეკოტურიზმი და სხვა – ყველა ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე. „ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს რეგიონებში სტუმარმასპინძლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, „მზისკარი” ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად გააჩნია ტრადიციები გასტროკულტურის, სუფრის, მასპინძლობის, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია იმისთვის, რომ ეს იქცეს ტურისტულ პროდუქტად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ასევე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ე.წ სოფლის განვითარებისთვის, რეგიონალური განვითარებისთვის, ინკლუზიურობისთვის, საოჯახო მეურნეობის ხელშესაწყობად. ასე რომ, ამ პროექტს აქვს ძალიან ბევრი დატვირთვა, მათ შორის, სოციალური, კულტურული, რეგიონული და ა.შ.,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი ითვალისწინებს მასში მონაწილეთა ფინანსურ მხარდაჭერასაც, რისთვისაც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” სპეციალური შეთავაზება მოამზადა.
„ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მართლაც ბევრ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებას ხელს შეუწყობს, ბევრ ნიჭიერ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ წარმატებული იყოს და თავიანთი საქმიანობები მომავალში უფრო წარმატებულ კომერციულ პროექტებად აქციოს,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ პროექტის „მზისკარის” შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტრო ტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომელიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას, კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.
„მზისკარის” ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს: მომსახურების ხარისხის გაუმჯოებესების მიზნით ინდივიდუალური ტრენინგები და კონსულტაციები; სურსათის უვნებლობა; ინტერიერისა და ესტერიერის დიზაინი; კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება. რაც შეეხება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” სპეციალურად „მზისკარის” წევრებისთვის მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთი სრულად სუბსიდირდება, ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში ქეშბექი 25% – ს შეადგენს.
ამ ეტაპისთვის, პროექტ „მზისკარის” ქსელში 8 ობიექტი ერთიანდება.