დაიბადა თბილისში, ბავშვობიდან გატაცებული იყო ხატვით, კონკრეტულად – გრაფიკით. პროფესიით არქიტექტორია. ამბობს, რომ უყვარდა ხატვა და ტექნიკური საგნები. ამიტომ პროფესიად აირჩია არქიტექტურა (ინტერიერის დიზაინი), თუმცა პროფესიით არ უმუშავია. მაშინ ერთი ჰობი ჰქონდა – ხატვა. ამჟამად კი ჰობიც და საქმიანობაც – ხატვაა. – თამუნა ჯიმშიტაშვილის პერსონა.
– პროფესიით არ გიმუშავიათ, მაგრამ მოგვიანებით ხატვა კი დაიწყეთ… პირველი ნახატები…
– სტუდენტობის შემდეგ ყოველთვის მქონდა სამსახური და არ მქონდა დრო ხატვისთვის, თუმცა სამსახურშიც შესვენების დროს იმის ჩანახატებს ვაკეთებდი, რასაც თვალწინ ვხედავდი. ძალიან მსიამოვნებდა ეს პროცესი. 2019 წელს მომიწია დეკრეტულ შვებულებაში გასვლა ხანგრძლივი დროით, ამას დაემატა პანდემია და გამომიჩნდა დრო ფუნჯისთვის.
– 5 წელია, ხატავთ…
– პირველად დავხატე ზეთით პეიზაჟი და, ჩემდა გასაკვირად, მომეწონა… მეორედ პორტრეტს შევეჭიდე ფერადკანიანი ქალის და ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში გამოვაქვეყნე, სადაც ისეთი გამოხმაურება მოჰყვა (მიუხედავად არც ისე კარგად შესრულებისა), რომ მოტივაციით ავივსე. ამის შემდეგ არ გავჩერებულვარ, არ მაქვს დრო, მაგრამ მაინც ვხატავ. სწორედ, აღმოჩნდა, რომ ხატვაში ვიპოვე თავი, ხატვის პროცესი არის დასვენება – სულიერიც და ხორციელიც.
– ჰაეროვან, ფაქიზ და სიფრიფანა ყვავილებს ხატავთ… რომელი ყვავილი გიყვართ თავად?
– ძალიან მიყვარს იასამანი, ამიტომ ჯერ არ დამიხატავს. როცა მზად ვიქნები, აუცილებლად დავხატავ.
– თბილი შემოდგომა და გაზაფხულის ნამდვილი და შთამბეჭდავი სილამაზე… ისეთი ცოცხალი ფერებია, თითქოს ეს-ესაა, ხელით შეეხები…
– ფერებს აუცილებლად უნდა მოჰქონდეს დადებითი ემოცია, ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის დომინირებს თბილი ფერები. ბუნებრივად ასე გამომდის.
– რა მასალით მუშაობთ და შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ახლა აკრილის საღებავებით ვმუშაობ, უფრო მოსახერხებელია (ზეთთან შედარებით უფრო მალე შრება). საღებავის ახალ ფენას უფრო სწრაფად ვადებ, ვიდრე ზეთით ხატვის დროს.
შთაგონება მჭირდება-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შთაგონებითაც ხშირად დამიხატავს.
– გაყიდვის დროს რომელ ნახატს ვერ ელევით?
– გაყიდული ნახატების უმრავლესობაზე გული მწყდება, მაგრამ სანაცვლოდ იმდენ სითბოს და სიყვარულს ვიღებ, ეს ანეიტრალებს გულისწყვეტას. თანაც, ყოველთვის კარგ ხელშია ჩემი ნამუშევრები. ამისთვის მადლობა მათ.
– ჰობი…
– ჰობი იყო ხატვა. ახლა ჰობიც და საქმიანობაც ხატვაა.
– გაქვთ გვერდი: Tamuna Jimshitashvili Art. ვინ არის პირველი შემფასებელი?
– პირველი შემფასებლები მეუღლე და უფროსი შვილი არიან. თუ მათ მოეწონათ ნამუშევარი, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა.
– მეუღლე და ორი შვილი გყავთ…
– დიახ, ასეა: 9 წლის ანა და 4 წლის დემეტრე.
– გამოფენები, ჯილდოები…
– გამოფენებში აქტიურად ვერ ვარ ჩართული, თუმცა არტმეგობრების რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობდი.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ახლა ყვავილების სერიას ვაგრძელებ, კერძოდ, ტიტებს ვხატავ აკრილით. აქამდე არასოდეს დამიხატავს ტიტა და საკმაოდ საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა.
– რა პრობლემა გაქვთ, როგორც ხელოვანს?
– პრობლემას რაც შეეხება, ახლახან გადავაწყდი. იტალიის ერთ-ერთ ქალაქში გამოფენაზე მიმიწვიეს, მაგრამ მონაწილეობის საფასური იმხელა იყო, არც კი განმიხილავს წასვლა. ვფიქრობ, ამ საკითხში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობა აუცილებელია.
– გეგმები?
– სამომავლოდ სურვილი მაქვს და დიდი იმედიც, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნობენ ჩემს ნამუშევრებს.
თამარ შაიშმელაშვილი