ნანა ქადაგიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ჩვენ ვეღარ დაგვიჭერენ, მაგრამ ახალ 300 ათასს მოძებნიან, ისევ გაასამართლებენ, ზუსტად იმ ბავშვებს, რომლებიც წინ ჰყავთ დაყენებული

“მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო: არ შეცდეთ, ჩვენ ვეღარ დაგვიჭერენ, მაგრამ ახალ 300 ათასს მოძებნიან [“ნაციონალური მოძრაობა], ისევ გაასამართლებენ, ზუსტად იმ ბავშვებს, რომლებიც წინ ჰყავთ დაყენებული. მათ მინდა, თვალები გაახილონ. რომელიმეს შვილი, ან ოჯახის წევრი თუ იდგა და “მოლოტოვის კოქტეილებს” ისროდა? ამ ბავშვებს ასროლინეს, კრიმინალად გახადეს, ამათ შეატოვებენ საზოგადოებას” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა განცხადება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “კითხვა იყო ასეთი: რა უნდა ვუყოთ იმ ხალხს, ვინც ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემს. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ უნდა დავიჭიროთ, ვისაც გამოცდილი გვაქვს ციხე რა არის, ციხეში მოხვედრა არავისთვის შემიძლია, თუნდაც მტრებისთვის. მაგრამ, პასუხისმგებლობა მათაც უნდა აიღონ. მივმართავ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, ვინც მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ განშტოებებს, მინდა მათ ჩემი ისტორია გავაცნო. ჩემი მეუღლე და შვილები ერთ-ერთი ბანკის დამფუძნებლები იყვნენ. ბანკის იურიდიულ მომსახურებას დათო სააკაშვილი აწარმოებდა, მისი ფირმა იყო შემოსული. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ოჯახს რამენაირად შეეხებოდნენ. ერთ დღეს, 2004 წელს ბანკში სპეცრაზმით შემოვარდნენ, ჩემი მეუღლე, უფროსი ვაჟი დაიჭირეს. შემოვიდა შსს, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი, პროკურატურა. პირველსავე დღეს ბანკში დროებითი ადმინისტრატორი შემოიყვანეს, რაც კანონით ყოვლად წარმოუდგენელია. მეორე დღეს “ნაციონალური” პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც ჩვენს ბანკში იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მითხრა, უნდა დაგელაპარაკოო, შემოგითვალეს 20 მილიონი ევრო, თუ დოლარი ( ზუსტად არ მახსოვს) უნდა გადაიხადო და თქვენი ოჯახის წევრებს დღესვე გამოუშვებენო. ეს ისეთი შოკი იყო, ვერც წარმოვიდგენდი, საიდან უნდა მიმეცა 20 მილიონი. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. რამდენიმე დღეში მირეკავს ლევან პატეიშვილი, იურისტი, შემდეგ დამსახურებისთვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა, და მეუბნება: ისეთი კარგი ამბავი უნდა გაცნობოთო, სააკაშვილებმა შემოგითვალეს, თანხას ვანახევრებთო. ამის შემდეგ კრიმინალური სამყაროს 7 წარმომადგენელი “რესბალნიცაზე” შეიყვანეს, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი იყვნენ. მათთან გამოკეტეს. მათი დახმარებით ჩემი ოჯახის დატერორება დაიწყეს. როცა ჩემს შვილზე შეხება დააპირეს, ჩემი მეუღლე შეეწინააღმდეგა, მას თავში რკინა ჩაარტყეს, უზარმაზარი ჭრილობა ჰქონდა, ძლივს მოასულიერეს. თუ ხვალ ფულს არ მოიტანთ, შვილს მოგიკლავთო- მეუღლეს ეუბნებოდნენ. მეუღლემ დამირეკა და მითხრა, დიდ თანხაზეა ლაპარაკი, როგორმე უნდა იშოვო და შემოიტანო, გეტყვი, საზღვარგარეთ ვის უნდა დაურეკოო. დავრეკე, არ ვიცნობდი ამ ადამიანს, სიტუაცია ავუხსენი, გთხოვთ შვილი გადამირჩინეთ-მეთქი. მეორე დილას ზარი იყო კარებზე, ვიღაც მამაკაცმა ფული გადმომცა, მითხრა ბადრი პატარკაციშვილმა გამოგიგზავნაო. ის რომ არა, ჩემს შვილს, ალბათ, ციხეში მოკლავდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მეც დამიჭირეს, რადგან მტკიცებულებების მოპოვება დავიწყე იმისთვის, რომ ისინი გამართლებულიყვნენ. კახა კობერიძემ, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო, თქვა, ამ ბანკმა 10 მილიარდი ევრო გაათეთრაო. ეს იყო ისეთი საშინელი ბრალდება, ალბათ, სამუდამო პატიმრობა გველოდა. როცა ციხეში შემიყვანეს, შიმშილობა დავიწყე, 5 დღეს ვიშიმშილე, მეექვსე დღეს რეჟიმის უფროსმა გამიყვანა და მეუბნება: ცუდად ხარ, მოგაკითხა ექიმმაო? არც მოგაკითხავს, 3 დღე ,,გაქაჩავ” და რომ გარდაიცვლები, 17 თეთრად ჩამოგწერთო. ვთქვი, ამათ თავს არ დავუხრი -მეთქი, ნელ-ნელა ჭამა დავიწყე. 5 თვის შემდეგ გამოვედი. რატომ მოვყევი ეს დღეს: მინდა, ვუთხრა, საქართველოს მოსახლეობას, სააკაშვილმა 300 000 კაცი გაგვასამართლა, ჩვენ ვეღარ გაგვასამართლებს. შვილი მომიკლა, ქმარი მომიკლა, მეორე შვილი 8 წელი და 6 თვე დევნილობაში იყო, მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო: არ შეცდეთ, ჩვენ ვეღარ დაგვიჭერენ, მაგრამ ახალ 300 000-ს მოძებნიან, ისევ გაასამართლებენ, ზუსტად იმ ბავშვებს, რომელიც წინ ჰყავთ დაყენებული. მათ მინდა, თვალები გაახილონ. რომელიმეს შვილი, ან ოჯახის წევრი თუ იდგა და “მოლოტოვის კოქტეილებს” ისროდა? ამ ბავშვებს ასროლინეს, კრიმინალად გახადეს, ამათ შეატოვებენ საზოგადოებას. ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს მათ გადატრიალების უფლებას”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები