ლია კრიალაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი უნდა გასამართლდეს, ვინც მაშინ სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადიოდა”

“ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი უნდა გასამართლდეს, ვინც მაშინ სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადიოდა” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა, მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

კრიალაშვილმა განცხადება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“მინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდო, ნუ წამოეგებიან იმ ანკესს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტური პარტიები ევროპის სახით უგდებენ. ეს არ არის ის ევროპა და ამერიკა, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში იყო. ევროპა და ამერიკა კაცთმოძულე, კაცის მკვლელობებს დემოკრატიის შუქურას უწოდებდა. მინდა, ხელისუფლებას მოვუწოდო, ახალგაზრდებს აუხსნან, რაც ხდებოდა იმ ავადსახსენებელ წლებში, აჩვენონ ის კადრები, რომელიც კასრებში ნახეს. მეცოდებიან ის ახალგაზრდები, ადამიანები, ვინც დღეს “ნაციონალების”, მათი სატელიტების მხარში დადგება, ხმას მისცემენ. გთხოვთ, თითოეულმა თავის პასუხისმგებლობა გაიაზროს, ვისი მოსვლა უნდათ ხელისუფლებაში. მართალია, ისინი ვეღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველამ აღიარა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დამნაშავე პარტიაა და უნდა ამოიძირკვოს, პოლიტიკური ველიდან გაქრეს. არა მარტო პარტია უნდა გასამართლდეს, არამედ უნდა გასამართლდეს მისი თითოეული წევრი, რომელიც მაშინ მოქმედი იყო, სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადიოდა. ამ ხელისუფლებაზე მტკივა გული, იმიტომ, რომ ჩემი ძმის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. როდემდე შეიძლება ლოდინი, არ ვიცი. ბატონ ბიძინას მინდა, მივმართო: მესმის, რომ გარე ძალები ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საქმეში, მათ გამო თავს იკავებდნენ, 29 აპრილს ბატონი ბიძინა დაგვპირდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გაასამართლებენ, ახლა მაინც შეგვისრულოს დანაპირები”, – განაცხადა კრიალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები