“დაუშვებელია მოსახლეობის გასამართლება ან დაშინება, რა დანაშაულებრივი რეჟიმის ამომრჩევლებიც უნდა იყვნენ” – გორდულაძე

“დაუშვებელია მოსახლეობის გასამართლება ან დაშინება, რა დანაშაულებრივი რეჟიმის ამომრჩევლებიც უნდა იყვნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, მათ ამომრჩევლებსაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

„თითოეულ ამომრჩეველს კარგად უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს. კარგად უნდა გვესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია. ძალიან სამწუხაროა როდესაც ქართველი ამომრჩევლის ნაწილი მხარს უჭერს ისეთ აგენტურასა და მოღალატეობრივ ძალას, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის „ლელო“, ან გიორგი გახარიას ე.წ. პარტია. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ როგორც ხაზარაძე, ისე გახარია ზუსტად ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი გვარამია, მელია, მიხეილ სააკაშვილი და სხვა დანარჩენები. შესაბამისად, როდესაც ქართველი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა ვთხოვოთ, კარგად შეხედოს ფაქტებს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები