„მმალავდნენ, მაგრამ არ დავიმალე“ – პოეტი მერი ბიწაძე 95 წლის გახდებოდა
უნიჭიერესი პოეტის – მერი ბიწაძის (1929-2006) სახელი მის მშობლიურ სოფელს არ გაშორებია სიცოცხლეში. იგი ქმნიდა გასაოცარ ლექსებს, რომლებსაც ათწლეულები დასჭირდა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო. საბჭოთა რეჟიმის წნეხსა და თვალთვალში გაწამებულ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის ასპარეზი არ მისცემია, მან რამდენჯერმე სცადა ლექსების კრებულის გამოცემა საბჭოთა დროში, მაგრამ ეს სურვილი აუხდენელ ნატვრად ექცა. გულგატეხილმა და გატანჯულმა დატოვა წუთისოფელი, თუმცა, გულის სიღრმეში სწამდა, რომ მის ლექსებს შთამომავლობა მაინც უპატრონებდა. აბა, რით უნდა აიხსნას მერი ბიწაძის სიცოცხლის მიწურულს შექმნილი ლექსის ბოლო სტრიქონები:
„გვიან დამიწყებენ ძებნას,
გვიან დამაყრიან ვარდებს“…
მართალია, მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა გამოსცა მისი ლექსების კრებული „ჯვარცმული ლექსი“ (გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2023). ასევე მადლიანმა თანასოფლელებმა უპატრონეს მის ბალახგადავლილ საფლავს. ღობეც შემოავლეს და ქვასაც გაუკეთდა წარწერა. შარშან, შემოდგომაზე, კარდენახსა და თბილისში გაიმართა მერი ბიწაძის კრებულის პრეზენტაციები, დაიწერა რეცენზიები და გაჩნდა საინტერესო შეფასებები. მის ლექსების ტექსტებზე რამდენიმე სიმღერაც შეიქმნა, რაც მოწმობს იმას, რომ პოეტის სიტყვამ, ალალმა გულმა და საქმემ გაიმარჯვა!
მერი ბიწაძის ცხოვრება და ლექსები დარჩება საბჭოთა მარწუხებში მომწყვდეული თავისუფალი სულის სიმღერად, რომელსაც ახშობდნენ, მალავდნენ, საშიშ მოვლენად მიიჩნევდნენ.
საქართველოში არსებობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, რომელიც ძალიან საჭირო მასალებს აგროვებს, რათა შექმნას სრული წარმოდგენა იმ სიმახინჯეებზე, რასაც საბჭოთა ცენზურა ემყარებოდა. მერი ბიწაძის ჯვარცმული ცხოვრება და გაძლება თვალცხადი მაგალითია, თუ როგორ ულმობლად უსწორდებოდა კომუნისტური მმართველობა მისთვის არასანდო ადამიანებს.
მერი ბიწაძის ლექსებს ამიერიდან დაკარგვა აღარ ემუქრება, უფრო მეტი მკითხველი გაეცნობა და ირწმუნებს მისი ლექსების ძალას და მშვენიერებას, რომელსაც დიდი ტკივილები ბადებდა. ბოლოს და ბოლოს, სიმართლემ იზეიმა, ამ წიგნით პოეტის გათენება და აღიარება დაიწყო. თუმცა დაიგვიანა, მაგრამ ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი!
„ნათელი“ – ასე ჰქვია მერი ბიწაძის ლექსს, რომელსაც ზუსტად ასახავს პოეტის რწმენას და ბედისწერას:
„მე რომ სულ ველოდი,
აი, ის ნათელი
ჩემს ბედად მოვიდა
ძალიან შორიდან,
ძალიან,
ძალიან,
ძალიან შორიდან.
სულს მოეფინა და
ვიცანი მე მყისვე,
სულს მოეფინა და
განმავრცო ველისებრ.
ო, ჩემი ნათელი,
ო, დიდი ნათელი
რა გვიან მოვიდა,
რა ძნელად მოვიდა“.