ლულუ — კენგურუ, რომელმაც პატრონი სიკვდილისგან იხსნა
კენგურუ ლულუ ავსტრალიის ეროვნული გმირი გახდა მას შემდეგ, რაც მისმა ერთგულებამ პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი ისტორია იმ შემთხვევებს გვახსენებს, როდესაც ცხოველებს ადამიანებთან ღრმა კავშირის დამყარება და მათი გადარჩენაც კი შეუძლიათ.
ლულუ ობოლი იყო, როდესაც ავსტრალიაში, კერძოდ, ვიქტორიაში ფერმერის ოჯახმა იპოვა. მათ კენგურუ „იშვილეს“, სხვა ცხოველებთან ერთად ზრდიდნენ და ფერმაში თავისუფლად სეირნობის საშუალებას აძლევდნენ. ლულუ სწრაფად გახდა ოჯახის საყვარელი წევრი, რომელიც განსაკუთრებით ხალისიანი და თამაშის მოყვარული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ის გარეული ცხოველი გახლდათ, ლულუს, როგორც ჩანს, მიჯაჭვულობისა და ერთგულების უნიკალური გრძნობა განუვითარდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პატრონობდა. ის ხშირად გვერდით მისდევდა პატრონს ფერმაში, უყურებდა მის მუშაობას და ოჯახთან ერთად ატარებდა დროს.
2003 წელს ლულუს მფლობელი ლენ რიჩარდსი ფერმაში მუშაობდა, როდესაც სერიოზული ინციდენტი შეემთხვა, რის შედეგადაც, გონება დაკარგა. სახლიდან მოშორებით მყოფ, მარტო დარჩენილ ლენს ფაქტობრივად, გადარჩენის შანსიც არ ექნებოდა, რომ არა კენგურუ…
ლულუმ, ყურადღების მიპყრობის მიზნით, ხმამაღალი ხმების გამოცემა დაიწყო. მისმა უჩვეულო ხმებმა ლენის მეუღლისა და ქალიშვილის ყურადღება მიიპყრო, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გაიქცნენ. როცა იქ მივიდნენ, ლენის გვერდით მდგარი ლულუ დაინახეს, რომელიც არა და არ შორდებოდა პატრონს. კენგურუს წყალობით, ლენმა დროულად მიიღო სამედიცინო დახმარება და მალე გამოჯანმრთელდა.
ლულუს ისტორია სწრაფად გავრცელდა ავსტრალიაში, რამაც მას ეროვნული აღიარება და ფაქტობრივად, გმირის რეპუტაცია მოუტანა. რიჩარდსების ოჯახმა თავისი ამბავი ადგილობრივ მედიას უამბო და მალე ლულუ იმ უნიკალური კავშირის სიმბოლო გახდა, რომელიც შეიძლება, ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის ჩამოყალიბდეს.
სამწუხაროდ, ლულუ 2005 წელს დაიღუპა, მაგრამ მისი ისტორია დღესაც ცოცხლობს.