“ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ” – წულუკიანი

“ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა, ჩემთან ჰქონდა პრობლემა”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„ელჩმა გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, რომ „მე მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“.

ეს იყო ძალიან პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ დღეს რომ ყვირის და იყო უკმაყოფილო ჩემი მმართველობით და ახლა უკვე „ქართული ოცნებით“, ყველა იყო ამ სიაში.

ავუხსენი, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება იმიტომ, რომ ქართული კულტურა მხოლოდ ეს 5-6 ადამიანი არ არის, ის არის გაცილებით უფრო ფართო. როდესაც მე ვუთხარი, რომ თქვენს სიაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც მაგალითად ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ის გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ, რომ „თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის“. აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა, რეალურად მე წავიყვანე ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც და დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის.

ამით ვცდილობ, აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ – კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები