თამარ ლეფსვერიძე – სააკაშვილის რეჟიმზე: სასამართლო დარბაზებში ჟურნალისტებს არ გვიშვებდნენ – დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, მანამდე აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლება არ გვქონდა

Ipress-ის დამფუძნებელმა, თამარ ლეფსვერიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს თავად, როგორც რეპორტიორს უწევდა მუშაობა.

„გადაკეტავდნენ სასამართლო დარბაზებს, გვეუბნებოდნენ ჟურნალისტებს, რომ დარბაზი გადავსებულია და არ გვიშვებდნენ. ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლება არ გვქონდა, კანონით აგვიკრძალეს. ამაზე მეტი დარტყმა პრესის თავისუფლებისთვის რა შეიძლება ყოფილიყო?! მე პირადად ვიჯექი სასამართლო პროცესზე, სადაც ადვოკატი მანანა კობახიძე ღიმილის გამო დააჯარიმეს. გაეღიმა სასამართლოს ყალბ მტკიცებულებებზე, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა და დააჯარიმეს. მე იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედიაზე და რაღაც მოვლენებზე, აქ მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სიმართლე. სიმართლე ყოველთვის ემყარება ფაქტებს და არის თანხვედრაში რეალობასთან. ეს ყველაფერი, რასაც ვყვები, რაზეც ვმუშაობდი, არის სიმართლე, რომელიც ემყარება რეალურ ფაქტებს“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული პირები აპელირებენ მედიის გარემოს გაუარესებაზე, რაც ეყრდნობა არასწორ ფაქტებს.

„ძირითადად ისინი იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორი არის ინდიკატორები, რასაც ისინი იყენებენ და ვინ არის მათი ინფორმაციის წყარო. ერთ მაგალითს მოვიყვან, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მედია გარემოზე საუბრისას გაუარესების ფაქტად მოყვანილი ჰქონდა ის, რომ „მართალია შემცირდა წინა წლებთან შედარებით ჟურნალისტებზე თავდასხმები, მაგრამ ძალიან გაიზარდა მადისკრედიტებელი სარჩელების შეტანა სასამართლოში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ. რომ ჩავყევი ბოლომდე რაზე იყო საუბარი, აღმოჩნდა, საუბარი იყო იმაზე, რომ საჯარო მოხელეებმა, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილმა, კახი კალაძემ, დავით ფაცაციამ, დაჩი ცაგურიამ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოს მიმართეს სარჩელით. ეს არის ცივილური ფორმა, როდესაც სასამართლოს მიმართავ და არა ტელევიზიის შტურმით აღება. მერე მეორეც, საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არავის წაურთმევია სამართლიანი სასამართლოს უფლება. პარადოქსამდე მივედით. წყარო ამ ამბების მიმწოდებელი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები