თეა წულუკიანი უდესიანის დის ქმარს ზაზა გუგავას: თუ სამჯერადი კვება გაქვთ ხორცის რაციონით, თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ, თუ 9 საათი ჰაერზე ხართ, ბიბლიოთეკა გაქვთ, წიგნებს კითხულობთ, რომელი მახსოვრობის დაბლაგვებაზე მესაუბრებით? ამიტომ, ახლა დავსერიოზულდეთ და კითხვებს გაეცით პასუხი
“ბატონო ზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის, ხორცის რაციონით, თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ, თქვენ თუ საკანში 18 კვ.მ.-ში ჯამში 4 პატიმარი ხართ, თუ 9 საათი ხართ ჰაერზე, ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ, რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხომ არ იცით?! ამიტომ, მოდით, ახლა დავსერიოზულდეთ და კითხვებს გაეცით პასუხი, “ – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი უდესიანის დის ქმარს, ზაზა გუგავას განუცხადა, რომელიც ბესარიონ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან სცემს კითხვებზე პასუხს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბესარიონ ხარძიანი ციხეში არ იმყოფებოდა ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს ზაზა გუგავა იმყოფება,მან განიცადა წამება, ცემა, შეურაცხყოფა, ამიტომ, საგამოძიებო კომისიას აინტერესებს, გუგავასთვის რამდენად ბუნებრივია, რომ ციხეში მყოფი ადამიანი თავის პარტნიორს წილებს უთმობს.
„როდესაც ბატონი ალექსანდრე [ტაბატაძე] გეკითხებათ, თქვენ ადასტურებთ, რომ წილები გადაფორმდა მაშინ, როდესაც ეს ადამიანი [ბიზნესმენი ბესო ხარძიანი] იყო ციხეში და არა იმ პირობებში, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით.
რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? შეუგინებია? დაურტყამს? უცემიხართ წიხლებით? უწამებიხართ? – ბესარიონ ხარძიანმა ეს ყველაფერი განიცადა, ამიტომ გაეცით კითხვას პასუხი. როდესაც პირს სცემენ, აწამებენ გიორგი უდესიანის დავალებით, ასე ბრძანა ბატონმა ბესო ხარძიანმა უმცროსმა, ასე ამბობს მისი ოჯახის ყველა წევრი, ასე ამბობს არაერთი მოწმე, რომელიც ტელევიზიით გამოდის და საჯაროდ ამის შესახებ საუბრობს. თქვენ, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არ სწყურია და არ შია, ღამე ძილში არავინ უშლის ხელს და არ აწამებს, თვლით თუ არა, რომ მინიმუმ უცნაურია, რომ ციხეში მყოფი პირი თავის პარტნიორს უთმობს წილებს? უცნაურია თუ ბუნებრივად გეჩვენებათ აი, ეს გვაინტერესებს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გუგავას თქმით, „შემთხვევას გააჩნია“ და არ იცის, კონკრეტულად რა მოხდა ხარძიანსა და უდესიანს შორის.