მარგველაშვილი შესაძლოა მორიგ სკანდალში გაეხვეს

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უვადო მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ის სერიოზულ სკანდალში გაეხვევა.
ამის შესახებ ჩიტაძე “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ უვადო მსჯავრდადებულების შეწყალებით საქართველოს იმიჯს საფრთხე დაემუქრება.
“საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი უვადო პატიმარი და ეს ცუდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე, არასწორია. ქვეყნის იმიჯი ნამდვილად დაცული იქნება, თუ მძიმე დანაშაულისთვის სასჯელად უვადო პატიმრობა იქნება გამოყენებული. მე უფრო პირიქით მგონია, ქვეყნის იმიჯს ეს გადაწყვეტილება აზიანებს. მაგალითად, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გაგვაკრიტიკებს, თუ გაათავისუფლებენ უვადო პატიმარ ვოვა არუთინიანს, რომელიც გარდა იმისა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის იხდის სასჯელს, მან 2005 წლის 10 მაისს, სპეცოპერაციის დროს, პოლიციელი მოკლა. ტერორიზმი, რომელსაც თან ახლავს ასევე განზრახ მკვლელობა, არის სწორედ იმ კატეგორიის დანაშაული, რომელიც უვადო პატიმრობას ექვემდებარება. ასეთი დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების შეწყალება არა მგონია გონივრული იყოს. რაც მთავარია, საქართველოში აკრძალულია სიკვდილით დასჯა. ამ ზომის სანაცვლოდ მოქმედებს უვადო პატიმრობა, რომელიც, ვფიქრობ, ადეკვატური სასჯელია მათთვის, ვისაც ბრალად ედებათ უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ჰუმანიზმზეა საუბარი, უპირველესად საზოგადოების უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ უვადო პატიმარს გაათავისუფლებენ და ის კვლავ ჩაიდენს მორიგ სასტიკ დანაშაულს, ვინ აგებს პასუხს?!” – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები