დაიბადა მესხეთის ულამაზეს სოფელ ხიზაბავრაში – ლუბა სეფიშვილისა და შოთა კეღოშვილის მრავალშვილიან ოჯახში. მისი და-ძმები არიან: ნაირა, რამაზი, ნანული, ნონა, ელგუჯა კეღოშვილები.
მერვე კლასიდან სწავლა განაგრძო რუსთავში, პროფესიულ სასწავლებელში ქიმიის სპეციალობით. ლექსებს ბავშვობიდან წერს. ამბობს, რომ მუზამ არასოდეს მიატოვა.
2008 წელს წავიდა ემიგრაციაში საბერძნეთში, ქალაქ ათენში. იმავე წელს გახდა „ქალთა კავშირის“ მმართველობითი საბჭოს წევრი და ჟურნალ „ემიგრანტი ქალის“ რედკოლეგიის წევრი. არის სამცხე-ჯავახეთის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალ ,,არავის“ რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2012 წელს ათენში, მისი და ხიზაბავრელი ემიგრანტების ძალისხმევით, დაარსდა ხიზაბავრელი ემიგრანტის დღე.
პირველი პოეტური კრებული „ვით მძივი დაშლილი გიშრის“ – 2008 წელს „მერანმა“ გამოსცა, 2016 წელს გამოიცა მეორე პოეტური კრებული – „ცას ასხლეტილი ცრემლი“. წიგნების რედაქტორი იყო პროზაიკოსი გულო კობიაშვილი.
მესამე პოეტური კრებულის „ახლა ფიქრები მანძილს სერავენ“ რედაქტორია ფილოლოგიის დოქტორი მაია ქუქჩიშვილი. წიგნის პრეზენტაცია 2025 წლის 23 თებერვალს მწერალთა სახლში გაიმართა. როგორც ემიგრანტი პოეტი, დაჯილდოვდა დიპლომით – ქართული კულტურის ამაგდარი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.
ასევე, 2025 წლის 4 მარტს, შობლიურ კუთხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოეწყო წიგნის წარდგენა, სადაც დააჯილდოვეს მადლობის სიგელით – „ქართული პოეზიის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
მისი ლექსები ინტენსიურად იბეჭდება ჟურნალებში: „თაობა“, „არავი“, „21-ე საუკუნის პოეზია“, გაზეთი „ელადა“, „გაზეთი კავკასია“, „მწერლის გაზეთი“, „ლიტერატურული მესხეთი“ და სხვა.
რამდენიმე ლექსზე აჟღერდა სიმღერები. – ემიგრანტი პოეტის, ზაირა კეღოშვილის პერსონა.
– ხიზაბავრაა ჩემი მშობლიური სოფელი, სადაც შევიგრძენი მამული, ენა, სარწმუნოება და ამ გზისთვის არასოდეს მიღალატია. საბავშვო ბაღი კარგად მახსენდება; მერე იყო სკოლა და ჩემი თვალით დანახული სამყარო, ჩემი თანაკლასელები და მასწავლებლები მუდამ მზრუნველნი და მესაძირკვლენი ჩემი მომავლისა. მადლობა ყველას, ვინც იმას მაზიარა, რასაც ჩემი შესაძლებლობები იტევდა.
მერვე კლასიდან სწავლა გავაგრძელე ქალაქ რუსთავში (ჩემი აწ განსვენებული მამიდის – ქეთევან კეღოშვილის ინიციატივითა და დიდი ერთგულებით), პროფესიულ სასწავლებელში ქიმიის სპეციალობით, რომლის დირექტორი იყო ჩემი სოფლის მკვიდრი, ქალბატონი დონარი ადეიშვილი, რომელიც მზრუნველობას იჩენდა ჩემ მიმართ.

მალე შევქმენი ოჯახი თბილისში, მეუღლე გიორგი წივილაშვილი, შვილები – დავით და გვანცა წივილაშვილები. მათ ახლა თავიანთი ოჯახები აქვთ, რძალი – ნინო კობაძე, სიძე – კობა ბაქაქური, შვილიშვილები ანიტა და მარიამი.
– 2008 წლიდან ემიგრაციაში ხართ, ათენში…
– 2008 წელს წავედი ემიგრაციაში საბერძნეთში, ქალაქ ათენში. იმავე წელს გავხდი „ქალთა კავშირის“ მმართველობითი საბჭოს წევრი და ჟურნალ „ემიგრანტი ქალის“ რედკოლეგიის წევრი; ასევე, ვარ სამცხე-ჯავახეთის სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ ,,არავის“ რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2012 წელს ქალაქ ათენში ჩემი და ხიზაბავრელი ემიგრანტების ძალისხმევით დავაარსეთ ხიზაბავრელი ემიგრანტის დღე; „სისხლის ყივილი ამჩემებია“ – ჩემი ერთ-ერთი ლექსია, რომელიც ჩემს ქვეყანას და მშობლიურ მესხეთს ეძღვნება.
2008 წელმა ჩემი და საქართველოს ბედი ერთად გადაწყვიტა. როგორც ყველა ემიგრანტი, არც მე ვარ არაფრით გამორჩეული, ჩვენი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს… მხოლოდ ერთს დავამატებდი – ელადა ჩემი ოცნების ქვეყანა იყო და ეს ავისრულე.
– პირველი პოეტური კრებული „ვით მძივი დაშლილი გიშრის“ – 2008 წელს გამოიცა. მეორე კრებულის – „ცას ასხლეტილი ცრემლი“ წარდგენა კი ათენში 2016 წელს გაიმართა. როგორ შეიცვალა სათქმელი პირველი კრებულიდან მეორემდე?
– „ვით მძივი დაშლილი გიშრის” – ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს დაიწერა, რედაქტორი აწ განსვენებული მწერალი გულო კობიაშვილი იყო. თემატურად უფრო ფერადი და გაშლილია, ვიდრე ემიგრაციაში ყოფნისას აკინძული წიგნი – „,ცას ასხლეტილი ცრემლი“. აქ უკვე სევდა მომეძალა და შემოქმედებაში აისახა, და ცამ აისხლიტა ცრემლი.

ამ წიგნმა დამარწმუნა, რომ პოეზია მარადიულია და კალამს უნდა ვუერთგულო. 2016 წელს ათენში, „არმაზში” გაიმართა ჩემი მეორე პოეტური კრებულის წარდგენა – „,ცას ასხლეტილი ცრემლი”. საღამოს უძღვებოდნენ: მწერალი და ჩემი სულიერი მეგობარი მაყვალა მესხაძე და „არმაზის” ხელმძღვანელი თეა რეხვიაშვილი.
საღამო გაიხსნა სიმღერით – „სისხლის ყივილი ამჩემებია“, რომელიც შეასრულა თეონა იველაშვილმა, კომპოზიტორი არტურ დავლაშერიძე. ფინანსური მხარდაჭერა გამიწია საბერძნეთის ემიგრანტ ქალთა კავშირის თავმჯდომარემ და ჟურნალ „ემიგრანტი ქალის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა ნუნუ ღურჭუმალიძემ. მის მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობ, თავად გახლავართ ამ ორგანიზაციის წევრი და ჟურნალ „ემიგრანტი ქალის“ რედკოლეგიის წევრი.

– ახლახან გამოვიდა მესამე პოეტური კრებული – „ახლა ფიქრები მანძილს სერავენ“, რომლის რედაქტორია ფილოლოგიის დოქტორი მაია ქუქჩიშვილი. ამ კრებულმა წარმატებები მოგიტანათ…
– მესამე პოეტური კრებული ნამდვილად იღბლიანი გამოდგა. არ ვიცი, იქნებ დამთხვევაა ეს ყველაფერი. წიგნის წარდგენა ჩატარდა ,,მწერალთა სახლში”, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს და სპიკერს მანანა გორგიშვილს. საღამოს უძღვებოდნენ: მანანა გორგიშვილი და წიგნის რედაქტორი მაიკო ქუქჩიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, როგორც რედაქტორმა და როგორც მეგობარმა.
ჩემი ლექსები ბერძნულად თარგმნა ფილოლოგიის დოქტორმა ქართულსა და ბერძნულ ენებში – მაია ქუქჩიშვილმა, რათა ჩემს და ჩემი შემოქმედების ბერძენ გულშემატკივრებს ჰქონოდათ საშუალება საკუთარ ენაზე გაეგოთ და გაეთავისებინათ ჩემი პოეზია.
საქართველოს მწერალთა კავშირმა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა“ გადმომცა დიპლომი, თამარიონის ენდალმა და ჯვარი – ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
შემდეგ მიმიწვიეს მშობლიურ მესხეთში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემი შემოქმედებითი საღამო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას ვუთხრა მადლობა, ვინც იზრუნა და ვინც დაესწრო, მადლობა სტუდენტებს ჩემი ლექსების წაკითხვისთვის. მადლობას ვუხდი ქალბატონ ნატო ყრუაშვილს, ასე ერთგულად და რუდუნებით რომ მიუყვება წინაპართა ნაკვალევს, მარცვალ-მარცვალ აგროვებს, რათა შთამომავლობას დაუტოვოს ისტორია, რომელსაც თანამედროვენი წერენ. ეს წიგნიც ამისი უტყუარი დასტურია.
შემდეგ ვეწვიე მშობლიურ სოფელ ხიზაბავრის სკოლას და საბავშვო ბაღს. ეს ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. მადლობა მასპინძლობისთვის. ასევე ათენში მიმიწვია ბერძნულ – ქართული ასოციაციის ხელმძღვანელმა, ხატია ქარსაულიძემ. ორგანიზაციასთან არსებულ გაზეთ ,,ელადას“ ლიტერატურულ სალონში. ხელმძღვანელი რუსუდან ჯანელიძე.
– „ერთი ლექსი კალიგრაფში“ – ათენში, პოეზიის ფესტივალზე თქვენი ლექსი იყო წარდგენილი – „აჰა, მამულო“…
– ათენში ჩატარდა რიგით მეხუთე პოეზიის ფესტივალი. ვახტანგ მეექვსის ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი და „ქართული სახლის“ პრეზიდენტი დარეჯან ღამბაშიძე ათენელ შემოქმედებთან ერთად ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმრები ფერეიდანიდან, ძირძველი ქართველი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი საიდ მულიანი და სოსო – იოსებ მიქელაძე. ბაიარ შაჰინი – თურქეთიდან, ნინო სპანდარაშვილი – ერევანში მოღვაწე ქართველი პოეტი და მეგობარი, საქართველოდან – ხათუნა შავგულიძე, ჰერეთიდან – ზაურ პაპიაშვილი.
რიგით მეხუთე ფესტივალზე მქონდა მოულოდნელი სიხარული, ბატონმა შალვა კამლაძემ ჩამოიტანა საქართველოდან ჩემი ერთი ლექსი – „აჰა მამულო“… ანა კალანდაძის კალიგრაფში. მეცენატი იყო იტალიაში მოღვაწე ქართველი პოეტი ეკა ოთარაშვილი, რომელიც ამავე ფესტივალში მონაწილეობდა. მადლობას ვუხდი მათ გაწეული უანგარო ღვაწლისთვის.
– რამდენიმე ლექსზე სიმღერებიც დაიწერა…
– პირველი სიმღერა თეონა იველაშვილმა შეასრულა, ლექსზე – „სისხლის ყივილი ამჩემებია“. მუსიკის ავტორი და არანჟირება არტურ დავლაშერიძის. 2. „სარკე ორეულს ხატავს“ – კომპოზიტორი მერაბ მაჭარაშვილი, შეასრულა ბესიკ კალანდაძემ; 3. კომპოზიტორმა ვაჟა დურგლიშვილმა დაწერა მუსიკა ლექსზე – „მოჭრილი მარჯვენა“ 4. შემსრულებელი საბა საფარელი, მუსიკის ავტორი დათო წივილაშვილი; 5. – მუსიკა და შესრულება – გიული ერგემლიძე. 6. „მადლობა უფალო, რომ მქვია ქართველი“ – მუსიკის ავტორი ქეთევან ძაძამია, არანჟირება ეკუთვნის ქეთევან ხატიაშვილს.
ჩემმა შვილმა, დავით წივილაშვილმა არაერთ ლექსზე დაწერა მუსიკა, რომელიც ახლო მომავალში აჟღერდება.
ეს ლექსები დამაწერინა ცის და მიწის სიყვარულმა რომელიც სამყაროს კრავს და აერთიანებს.
– ერთი ლექსი…
– სეკუნდანტის განაჩენი
ახლა საათი გდია ქვიშაზე,
თვალი ჰორიზონტს მიჰყვება სადღაც,
დრო უჩვეულოდ მიიზლაზნება,
აღარ მჭირდება ძოწი და ფარჩა.
ახლა ქარიშხალს ავყვები ცამდე
ის დამასახლებს ღრუბლებზე მაღლა,
პლანეტებს უნდა ჩავუჯდე ნავში,
რაც არი, არი, ცოტა დრო დამრჩა.
ვნახო, თუ როგორ გრგვინავენ ცაზე,
მრავალტანჯული ჩვენი სულები,
ანდა, თუ ადგათ მწველი მზის სხივი,
თუ ამოქარეს გრძნობით გულები.
ერთი ვარ, გინდათ?! ასი ათასი,
ან უთვალავი როგორც ზღვის ქვიშა,
მაგრამ ერთია წუთისოფელი,
ჩემთვის უძირო აკლდამად იქცა.
გაფანტულ ფიქრებს თავს ერთად ვუყრი,
თუმცა გვიანი როდია ახლა,
ეს სიმარტოვე ოხერ-ტიალი,
ყველა საწადელს თავისით გასცდა.
ომი წავაგე საკუთარ თავთან
და ბრძოლის ველზე დავრჩი მარტოკა,
ახლა დუელი თუ, გადამარჩენს,
თუ არ იქნება ისიც გართობა.
ახლა საათი გდია ქვიშაზე,
სეკუნდანტს აქაც დააგვიანდა,
ცა, დედამიწა, დრო და მანძილი,
სუყველა ერთად დადარდიანდა.
ახლა დროს უნდა ჩავუჯდე ნავში,
გზადაგზა იქნებ შტორმიც ვიგემო,
რომ აღარასდროს, რომ აღარასდროს
ამ მუხანათ დროს აღარ მივენდო.
ვრჩები მეწილე ცა დედამიწის,
ლოდინად მიღირს ახლა წამება,
მხოლოდ თქვენს გამო აღარ ვინანებ,
საკუთარ თავთან ომის წაგებას.
– ემიგრანტის ცხოვრება დალხენილი არ არის. შთაგონებას რა გაძლევთ?
– გეთანხმებით, რომ არ არის დალხენილი, მაგრამ მასშიც არის ნათელი წერტილი, რომელიც გზას გინათებს და აუცილებლად მიაგნებ ნაპირს. შთაგონებას მაძლევს ყოველდღიურობა და ის, რომ მოვევლინე სამყაროს ჩემი სევდით და სიხარულით…
– ახლახან თქვენი საღამო ლიტერატურის მუზეუმში ჩატარდა…. ამის შემდეგ ისევ დაბრუნდით საბერძნეთში. რა განცდა დაგიტოვათ ამ დღემ?
– იმედი იმისა, რომ ჩემს ქვეყანას ვახსოვართ ემიგრანტები, და რომ ზურგს გვიმაგრებს საქართველოდან ჩემი მეგობარი და ყოფილი ემიგრანტი მწერალი, ჟურნალისტი გაზეთ ,,ელადა“ დამფუძნებელი, ანა ყურშავიშვილი. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარეს ქეთევან გაბრუაშვილს, რომელმაც გადმომცა „მადლიერების სიგელი“.
ქალბატონო თამარ, ძალიან გამახარა დარბაზში თქვენმა დანახვამ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოწვეულ სტუმრებს აწ უკვე მადლიანი, მზიანი ელადიდან გითხრათ მადლობა.
– როგორც ვიცი, საბერძნეთში ქართველი შემოქმედი ემიგრანტებისთვის დიდად ზრუნავს ათენის ქართული სახლი…
– ვახტანგ მეექვსის ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი და „ქართული სახლის“ პრეზიდენტი დარეჯან ღამბაშიძე გამოირჩევა ემიგრანტი შემოქმედებისადმი ზრუნვით და თანადგომით. მე ჩემი ლექსი პირველად ათენში მის მიერ დაარსებული სკოლის კედლებში წავიკითხე. ამ სკოლამ თაობები აღუზარდა სამშობლოს. კარგი იქნებოდა, თუ ემიგრანტ ბავშვებს და სკოლებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ ხელისუფალნი.

– ჰობი…
– ამ ბედაურით დროთა თარეშს გავუსწრო მინდა,
მინდა დავტოვო ნაკვალევი სუფთა და წმინდა,
რაც იყო, იყო, მზე და ქარი თუ იყო წვიმა,
არ მენაღვლება, ეს ცხოვრება ტკივილად ღირდა.
– გაქვთ დიდი და შემოქმედებითი ოჯახი. გვანცა მსახიობია, ხელნაკეთ აქსესუარებს ამზადებს, დათო კი მუსიკოსია…
– გვანცა მსახიობია, თუმცა ახლა კერძო ბაღშია დასაქმებული და ცდილობს უამრავ პატარას გადასცეს ცოდნა და სიყვარული. პარალელურად მუშაობს ხელნაკეთ აქსესუარებზე და ასევე წლებია მუშაობს მისივე შექმნილ იუმორისტულ ,,დოდონას“ ბლოგზე.
ჩემი ვაჟი დათო წივილაშვილი ცეკვავდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მამულში“, სამხატვრო ხელმძღვანელი – ზაურ პაპიაშვილი, წარჩინებით დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, შემდეგ სწავლა გააგრძელა მუსიკალურ ტექნიკუმში, ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ქალიშვილი. ამჟამად იმყოფება ემიგრაციაში, კერძოდ, ათენში. წერს მუსიკას. მის ნაწარმოებზე შეიქმნა სიმღერა ,,წვიმა ნატერფალი წაშლის“, რომელიც შეასრულეს საბა საფარელმა და ნინი წიწილაშვილმა .
– 18 წელი ემიგრაციაში… როდესაც წლებს თვალს გადაავლებთ, დღევანდელი გადასახედიდან, რას იტყოდით?
– ჩვენ გადავრჩით, რომ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია.
– სამომავლოდ რას გეგმავთ?
– სამშობლოში დაბრუნებას უსასრულობამდე.

თამარ შაიშმელაშვილი