წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდება სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, შესრულდება შენობის გამაგრების სამუშაოები.
დაგეგმილია სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლება, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარე განათებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
განახლებული სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.