„წმინდა იოანე ნათლისმცემელი გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს – ეს დროებითი სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის, მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი” – შიო lll

“წმინდა იოანე ნათლისმცემელი გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს – ეს დროებითი სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის, მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი”, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, ქადაგებისას ისაუბრა

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო,

გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს!

დღეს იყო სიტყვები წმინდა სახარებაში მის შესახებ, რომ მისი შობით გაიხარებს მრავალი ადამიანი. ეს სიხარული გრძელდება უკვე ამდენი საუკუნეა და დღესაც ამ სიხარულს ვზეიმობთ და ვიზიარებთ.

თქვენ გახსოვთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები იოანე ნათლისმცემელზე, რომ „იგი იყო უმეტეს ნაშობთა შორის დედათასა“ (7:28 ). სასწაულებრივი იყო მთელი მისი ცხოვრება, იგი იყო სინანულის დიდი მქადაგებელი და იესო ქრისტეს მოსვლამდე ამზადებდა მთელ ისრაელს, მთელ კაცობრიობას ქვეყნიერების მხსნელის ღირსეულად მიღებისთვის. მისი ღვაწლი, მისი ქადაგება დაკავშირებული იყო სინანულის სწავლებასთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას.

სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დასაწყისში გადასადგმელი ერთი ნაბიჯი, სინანული უნდა მიჰყვებოდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიყრმიდან სიბერემდე.

როგორც გითხარით, სასწაულებრივი იყო მისი სიცოცხლე. როგორც გახსოვთ, იგი იშვა უკვე ხანდაზმული მშობლების ლოცვით. როდესაც ჰეროდემ ბეთლემელი ყრმები ამოწყვიტა, მაშინ წმინდა იოანე ნათლისმცემელი გადამალეს უდაბნოში, სადაც ოცდაათ წლამდე იმყოფებოდა და ცხოვრება უმკაცრეს ასკეტურ ღვაწლში გაატარა, ვიდრე მას ღმერთმა არ მოუწოდა, გამოსულიყო ქადაგებისთვის და მდინარე იორდანეში ხალხის მოსანათლავად.

როგორც წმინდა სახარება გვაუწყებს, გამოდიოდა მასთან იერუსალიმიდან მთელი ჰურიასტანი, აღიარებდნენ ცოდვებს და ნათელს იღებდნენ მისგან. ის ქადაგებდა სინანულს და ამბობდა, შეინანეთ, რამეთუ მოახლებულია სასუფეველი ცათა და ირწმუნეთ მომავალი მესია, რომელიც ჩემზე მეტია და რომლის ხამლთა გახსნის ღირსიც კი არ ვარო (მთ. 3:2, 3:6, 3:11, 11:11; მარკ. 1:7; ლკ. 3:16; ინ. 1:15, 1:27). წმინდა იოანე ნათლისმცემელი თავისი სიწმინდით, თავისი დიდი მოშურნეობით გახდა ღირსი, რომ თვით უფალ იესო ქრისტეს ნათლისმცემელი და წინამორბედი ყოფილიყო.

ძვირფასო ძმებო და დებო, მისი ეს მოწოდება სინანულის შესახებ დღესაც არ კარგავს თავის ძალას და მნიშვნელობას. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, ვცოდავთ მეტად თუ ნაკლებად. ამიტომ უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს – ეს დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის, მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი.

ამიტომ, ამ მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს და შევისმინოთ მისი მოწოდებებისა და ქადაგებისა.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის დღესასწაული ამ შესანიშნავი ტაძრისა, რომელიც ნაკურთხია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე.

დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხისა, ჩვენი მრევლისა მონაწილეობდა მის მშენებლობაში. განსაკუთრებით საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის.

მინდა, განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელ-მონაზონი ამბაკუმი, რომელიც იყო მოთავე და მთავარი ორგანიზატორი ამ ტაძრის მშენებლობისა, რომელიც შემდგომ იკურთხა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ფოთისა და ხობის (მაშინ სენაკიც შედიოდა ფოთის ეპარქიაში) მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ.

ყველას მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის.

მინდა, განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი, თქვენდამი, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო!

ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება, თურმე როგორც ყოფილა ღვთის ნება, კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის.

მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში; ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღვწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. მაგრამ ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ. ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც. ვმადლობ უფალს, რომ უფალმა ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლასა და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი!

ღმერთმა გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები